• 05 01 2021
    • 426 ნახვა
    ახალი წელი კოვიდკლინიკებში -

    ახალი წელი კოვიდკლინიკებში - "ძალიან ემოციურია, როცა თეთრად გათენებული ღამეები კარგად მთავრდება..."

    “ძალიან ემოციურია, როცა გამოჯანმრთელებულ პაციენტს აცილებ, როცა თეთრად გათენებული ღამეები კარგად მთავრდება…”

    მათ წელს მეტად უჩვეულო ახალი წელი ექნებათ – კლინიკაში, ისევ ფრონტის ხაზზე და ისევ პაციენტების სამსახურში მოუწევთ 2021 წელთან შეხვედრა. “კვირის პალიტრა” იმ მედპერსონალს ესაუბრა, რომლებსაც 31 დეკემბრის ღამეს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში მოუწევთ მორიგეობა. მათი ნატვრა და სურვილები ემთხვევა – მალე დასრულდეს კორონასიგიჟე და ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს ქვეყანა.

    მეგი კობახიძე, ექიმი-ინფექციონისტი:

    – ცოტა განსხვავებული ახალი წელი მექნება – კოვიდ-ახალი წელი. მას ოჯახის ნაცვლად, სამსახურში შევხვდები, მორიგეობისას. ადრეც მქონია მსგავსი შემთხვევა, მაგრამ მაშინ სახალისო იყო, რადგან თანამშრომლებს არ გვქონდა შეზღუდვები. წელს თანამშრომლები ერთმანეთს გავურბივართ, დისტანცირებული და ეკიპირებული ვართ. ყველას გვევალება დავიცვათ როგორც თავი, ისე ერთმანეთი. დღეს ყველანი ომში ვართ ჩაბმული. სულ ეკიპირებით ვართ, რაც უსიამოვნოა როგორც პაციენტებისთვის, ისე ჩვენთვის. ბევრი პაციენტისგან მსმენია, ჩვენი გეშინიათ, ჩვენგან თავს იცავთო, მაგრამ ვუხსნით, რომ ეს საჭიროა, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და მათ ვემსახუროთ. კლინიკაში 100-ს ქვემოთ არ ჩამოდის ავადმყოფების რაოდენობა, უფრო მეტია – 120, 130.

    გამოთავისუფლებული ადგილები სწრაფადვე ივსება, იმ წუთში შემოდის ახალი ინფიცირებული. თუ ჩვენი მოქალაქეები მეტი პასუხისმგებლობით არ მოეკიდებიან ამ ვითარებას, არაფერი გვიშველის. სოცქსელებში ხშირად მხვდება­ ფოტოები, სადაც რამდენიმე კაცი ერთად სადილობს, იკრიბებიან, რაც ძალიან მაღიზიანებს… ვიცი, ამ ახალ წელსაც არ მოერიდებიან ერთმანეთს. როგორმე მოვითმინოთ, ვიყოთ დისტანცირებული, ეს ჩვენი მომავლისთვისაა უკეთესი – შემცირდება დადასტურებული შემთხვევები და პანდემია თანდათან მიილევა. ჯობს, ცოტა ხანს გავიჭირვოთ, რათა შემდგომი პერიოდი ნათელი იყოს. თუ გაზაფხულზე ვაქცინაც შემოვა, საუკეთესო ვარიანტი იქნება. რომელ­ ვაქცინაზეც ჯანმო გასცემს რეკომენდაციას, რომელსაც აღიარებს ლეგალურად, ის უნდა შემოვიდეს.

    შემოდგომაზე, როცა კოვიდიანების რაოდენობამ მოიმატა, ჩვენთანაც დაინფიცირდა მედპერსონალი, მაგრამ ეს იყო გარედან ინფიცირება, ჩვენთან ზედმიწევნით ვიცავთ წესებს. დღეს მეტი გამოცდილება გვაქვს, როგორ მივუდგეთ პაციენტებს­. ყველაზე ემოციური მომენტია, როცა კრიტიკული­ პაციენტი მდგომარეობიდან გამოგყავს. მიუხედავად­ ამ რთული ომისა, დღეს უფრო კმაყოფილი ვარ, რომ ინფექციონისტობა ავირჩიე და პროც­ესების შუაგულში ვარ. ეს აზარტუ­ლია, თუმცა ძალიან სარისკოც. პროფესიის არჩევისას ვფიქრობდი, რომ მომავალი საუკუნე ინფექციების იქნებოდა, ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდრეანიმაცია მე-3 სართულზეა განთავსებული. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 18 საწოლია, მათ შორის არის ბავშვთა პალატაც. რეანიმაციაში კრიტიკული პაციენტები ერთმანეთს ანაცვლებენ და როგორც განყოფილების ექიმი გვეუბნება, საწოლები მუდმივად შევსებულია.

    ნინო ლორთქიფანიძე, კოვიდრეანიმაციის ექიმი-რეანიმატოლოგი:

    – კლინიკაში 10 წელია ვმუშაობ, უმცროსი ექიმობიდან დავიწყე და ახლა უფროსი ექიმი­ ვარ. მას შემდეგ, რაც ვირუსი გადავიტანე, უკვე ორივე სამსახურში­ ვარ – კოვიდრეანიმაციაშიც და კარდიოქირურგიის ინტენსიურ თერაპიაშიც. ჩვენი პაციენტები პირველად ეტაპზე ინფექციურ დეპარტამენტში შედიან. იმ შემთხვევაში, თუ გაუძნელდებათ სუნთქვა, გართულება გამოეხატებათ, რეანიმაციაში გადმოდიან. მათ ინტენსიური მეთვალყურეობა სჭირდებათ. ჩვენი ფუნქციაა მათი სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება, წნევისა და სუნთქვის სტაბილიზაცია, სუნთქვის მართვა… ძალას არ ვიშურებთ, დიდი ბედნიერებაა თითოეული ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება. სულ 100-მდე პაციენტი გვყავს გატარებული რეანიმაციაში და მარტიდან მოყოლებული 30-მდე ლეტალური შემთხვევა გვქონდა. როცა მძიმე პაციენტები მდგომარეობიდან გამოდიან და გაღიმებულები გეუბნებიან, რომ კარგად არიან, ეს მომენტი ენით აუწერელია… ვფიქრობ, ჯერ კიდევ ვირუსის გაცნობის პროცესში ვართ. ძალიან ბევრი მუშაობა გვიწევს როგორც საკუთარ თავზე, ისე პაციენტებზე. ყველა დაავადების მართვაში დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ექიმის, ისე პაციენტის განწყობას. უპირველესად მთავარია ნუგეში,­ როცა პაციენტი გხედავს, რომ დაავადებას მართავ და უუმჯობესებ მდგომარეობას,­ კარგად მოგყვება. ზოგიერთი პაციენტი ჯიუტობს, არ გენდობა. არადა, ჩვენს შორის მთავარი ნდობაა.

    ამ ახალ წელს სამსახურში ვიქნები, მორიგე ვარ. თუნდაც ამ პირობებში შევეცდებით მაქსიმალურად დადებითი ენერგიით იყოს ეს დღე დამუხტული. შარშანწინაც ახალ წელს პაციენტთან შევხვდი, პალატაში. პირველი საათისკენ გაგვახსენდა, რომ ახალი წელი მოვიდა. იმედია, წელს ასე არ იქნება და პაციენტებთან ერთად გაგვახსენდება 2021-ის შემოსვლა. იქნებ შევძლოთ და ახალ წელს ოჯახში შეხვდნენ პაციენტები. ყველას ვამხნევებთ, ასე თუ არ მოხდა, არა უშავს, ერთად შევხვდებით-თქო.

    კოვიდრეანიმაციაში 24 საათში­ 6 მორიგე ექთანი, ერთი “სუფთა ექთანი” (მომმარაგებელი), ერთი რეანიმაციის ექიმი, უმცროსი ექიმი, ორი ექთანის თანაშემწე და ერთიც სანიტარი მუშაობს. ჩვენი რესპონდენტი კოვიდრეანიმაციის ლიდერმედდაა, ახალი წლის ღამეს ისიც პოსტზე შეხვდება.

    ზეიკო შოვნაძე:

    – თითქმის 9 წელია,­ ზოგადი რეანიმაციის ექთანი­ ვარ. ახლა კოვიდიანებთან ვმუშაობ. 31 დეკემბერსაც ჩემს კოლეგებს დავუდგები გვერდში. ამჟამად კოვიდრეანიმაციაში 21 მძიმე ავადმყ­ოფი გვიწევს, ერთი 10 წლის ბავშვია. ახალ წელს ყველანი ღიმილიანები უნდა ვიყოთ, ერთმანეთი გავახალისოთ და შევუმსუბუქოთ მდგომარეობა იმ ადამიანებს, ვინც სიკვდილს ებრძვის. ისე, მიჩვეული ვარ, ძირითადად, 31 დეკემბერს მიწევს მორიგეობა. ძალიან ემოციურია, როცა გამოჯანმრთელებულ პაციენტს აცილებ, როცა თეთრად გათენებული ღამეები კარგად მთავრდება. ვერ აღგიწერთ, რა სიამოვნებაა, როცა პაციენტი­ თბილ სიტყვებს არ იშურებს… პირველად რომ გავიგე, კოვიდიანებთან უნდა მემუშავა, ცოტა შემეშინდა, სამი პატარა შვილის დედა ვარ და ყოველ ჯერზე შიშით ვბრუნდებოდი სახლში.

    ყველაფრის მიუხედავად, კლინიკაში პირველი რეანიმაციული პაციენტი მე მივიღე. მახსოვს, მარნეულელი ახალგაზრდა იყო. ბოლოს განკურნებული გავისტუმრეთ სახლში. მთავარია, “კოვიდი” მალე გაქრეს. ყველას ვულოცავ დამდეგ ახალ წელს და ვუსურვებ მთავარს – ჯანმრთელობას. მგონია, მალე ყველაფერი დალაგდება, წინ ბედნიერი წელიწადი გველოდება.

ბოლო აქციები