• 04 06 2018
    • 229 ნახვა
    ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

    ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

    ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აკად. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკამ ორიგინალურად აღნიშნა: პედიატრიული დეპარტამენტის პაციენტებს სიურპრიზი მოუწყვეს – სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად ანიმატორები მიიწვიეს და თითოეულ ბავშვს პირადად მისთვის შერჩეული საჩუქრები გადასცეს. წიგნებით, თოჯინებით, საღებავებით, ფანქრებით და უამრავი სათამაშოთი პატარებმა ძალიან გაიხარეს. თუმცა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმებს პაციენტების განწყობაზე ზრუნვისთვის საგანგებო მიზეზი არ სჭირდებათ. ადმინისტრაციაც ყველაფერს აკეთებს სამკურნალოდ მოსული ბავშვებისთვის კომფორტის შესაქმნელად და სტრესის შესამსუბუქებლად.
    – ვცდილობთ, აქ მკურნალობის პერიოდში ბავშვებს უცხოობა და მარტოობა არ ვაგრძნობინოთ, – გვითხრა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა დავით გადელიამ, – მათ დაბადების დღეებს ყოველთვის გამორჩეულად აღვნიშნავთ. პირველი ივნისი კი, ტრადიციულად, სიურპრიზებისა და სადღესასწაულო განწყობის დღეა.
    აკად. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში პედიატრიული დეპარტამენტი 12 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, შარშან კი აქ ისევ ამუშავდა განახლებული, კეთილმოწყობილი, უახლესი აპარატურით აღჭურვილი განყოფილება. დეპარტამენტმა მოკლე ხანში მოიპოვა პოპულარობა. 5-6 თვეში ადგილების დეფიციტის გამო მისი გაფართოება გახდა აუცილებელი. დღეს აქ პაციენტებს სთავაზობენ პედიატრიული მომსახურების სრულ სპექტრს, გარდა ქირურგიული და სპეციფიკური მკურნალობისა.
    საუკეთესო კადრებით დაკომპლექტებულ განყოფილებას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მალვინა ჯავახაძე ხელმძღვანელობს. პროფესიონალების გვერდით შესანიშნავ გამოცდილებას იღებენ რეზიდენტები.

    სტაციონარში ამჟამად 38 პაციენტი მკურნალობს.

    – მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებასთან ერთად იმისთვისაც ვზრუნავთ, რომ ჩვენს პაციენტებს კომფორტული და უსაფრთხო გარემო შევუქმნათ, – გვითხრა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა, – დღევანდელი დღე სავსე იყო საჩუქრებით, ბუშტებით, ზღაპრის გმირებით… გვინდოდა, ბავშვებს ეგრძნოთ, რომ დღეს მათი დღეა. პატარებიც და მათი მშობლებიც გავახარეთ. მაშასადამე, მიზანი მიღწეულია.

    აკად. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მართლაც არაჩვეულებრივი ატმოსფეროა. პედიატრიული დეპარტამენტის კედლები მხატვრების ხელითაა მოხატული. რაც მთავარია, აქ მხოლოდ კვალიფიციური და კეთილგანწყობილი პერსონალი მუშაობს, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვანდოთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე.