• 09 02 2021
    • 864 ნახვა
    დიაბეტური ტერფი

    დიაბეტური ტერფი

    რას ნიშნავს დიაბეტური ტერფის სინდრომი, როგორ ვითარდება  და ვისთან, ან  როდის რთულდება ის ძირითად შემთხვევებში?

    დიაბეტური ტერფის სინდრომი შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და გვიანი გართულებაა და ტერფის ანატომიურ-ფუნქციონალურ ცვლილებებს წარმოადგენს.

    აღნიშნული სინდრომი შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ხშირად გვხვდება და ქირურგთან მომართვიანობაც შესაბამისია. დიაბეტური ტერფის სიდრომსა და მის გართულებებზე,  აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ქირურგი ირაკლი მიშიძე გვესაუბრება!

    > როდის და როგორ ვითარდება დიაბეტური ტერფის სინდრომი?

    დიაბეტური ტერფის სინდრომის დროს ვითარდება წყლულოვანი ჩირქოვან-ნეკროზული პროცესი, რაც კიდურის ამპუტაციის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. დიაბეტური ტერფი შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტთა დაახლოებით 70%-ს უვითარდება. ხშირ შემთხვევაში დიაბეტის გამო ექიმთან მიმართვიანობის, პირველი ვიზიტის დროს, პაციენტებს უკვე აღენიშნებათ ქვემო კიდურების ტროფიკული ცვლილებები.

    > რა არის დიაბეტური ტერფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები?

    ფეხებში უსიამოვნო შეგრძნებები, მწველი და მჩხვლეტავი ტკივილი სიარულისას, „ჭიანჭველების ცოცვის“ ან „დენის დარტყმის“ შეგრძნება, რომელიც სიარულისას ქრება, ტერფის ქსოვილთა მგრძნობელობის დაქვეითება, ასევე ღამის პერიოდში ტკივილის განვითარება, რომელიც კიდურების საწოლიდან ჩამოკიდებისას ჩერდება ან ქრება სიარულისას. ასევე, ტერფისა და ფეხის ქვედა ნაწილის კანის ფერის ცვლილება (სიფერმკრთალე ან ყავისფერი პიგმენტაცია); სიმშრალე და კანის აქერცვლა; გამჭვირვალე სითხით ამოვსებული სხვადასხვა ზომის ბუშტუკები; დაწყლულებული და ძნელად შესახორცებელი ნაწიბურების (კოჟრების) განვითარება, თითებს შორის ძნელად შესახორცებელი ნახეთქების ჩამოყალიბება; ფრჩხილების დეფორმაცია; .თმის ცვენა, კანის რქოვანა შრის გასქელება ტერფზე; ტერფის დეფორმაცია და წვრილი ძვლების სპონტანური მოტეხილობები.

    > როგორია დიაბეტური ტერფის ძირითადი ფორმები?

    ნეიროპათიური დიაბეტური ტერფი ხასიათდება ნერვული ტროფიკის მოშლის შედეგად განვითარებული ცვლილებებით. კერძოდ: ტერფის კანის სიმშრალე და აქერცვლა, ოფლის გამოყოფის დაქვეითება, ტერფის ძვლების დეფორმაცია, სპონტანური მოტეხილობები, ბრტყელტერფიანობა, როგორც სითბოსა და შეხებისადმი მგრნობელობის, ასევე ტკივილის შეგრძნების დაქვეითება.

    > როგორც ვიცით არსებობს იშემიური დიაბეტური ტერფიც, როგორ ვითარდება ის?

    იშემიური დიაბეტური ტერფი ვითარდება ძირითადად კიდურის მსხვილი სისხლძარღვების ათეროსკლეროზული და წვრილი სისხლძარღვების (მიკროანგიოპათია) პათოლოგიური ცვლილებების შედეგად. იშემიური ფორმის დროს ვლინდება ტერფის მკვეთრად გამოხატული და მდგრადი შეშუპება, ტკივილი სიარულისას (გარდამავალი კოჭლობა), კიდურების ადვილად დაღლა, კანის პიგმენტაცია, კანქვეშა ბუშტუკების განვითარება.

    დიაბეტური ტერფის შერეული ფორმის დროს გამოხატულია როგორც სისხლძარღვოვანი, ასე ნერვული ტროფიკის მოშლის სიმპტომები. ეს ფორმა ძირითადად შაქრიანი დიაბეტის ე.წ. „დიდსტაჟიან“ პაციენტებს აღენიშნებათ.

    > ვის უვითარდება ყველაზე ხშირად დიაბეტური ტერფი ?

    –  ყველაზე ხშირად დიაბეტური ტერფი უვითარდება ადამიანს, რომელსაც აღენიშნება:

    1. პერიფერიული ნეიროპათია ან სისხლძარღვთა სხვადასხვა პათოლოგია;
    2. კიდურების წყლულოვანი დაზიანება ან ამპუტაცია წარსულში;
    3. მავნე ჩვევებზე დამოკიდებულება (ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება);
    4. ჰიპერტონიული დაავადება
    5. ქოლესტერინის მომატებული დონე;
    6. შაქრიანი დიაბეტის სხვა გართულებები;
    7. მხედველობის დაზიანება.

    > როგორ მიმდინარეობს დიაბეტური ტერფის მკურნალობა და შესაძლებელია თუ არა მისი დროულად შველა?

    დიაბეტური ტერფის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, მის კლინიკურ სურათსა და მიმდინარეობაზე, ასევე – პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. დიაბეტური ტერფის მკურნალობის საწყისი სტადია შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციას მოიცავს, რაც მედიკამენტური მკურნალობის კორექციით და სპეციალურ დიეტაზე გადასვლით მიიღწევა. შემდეგი ეტაპია – კიდურების განტვირთვა. ამ მიზნით რეკომენდებულია მოსვენება, დიდხანს ჯდომა ან წოლა, აგრეთვე სპეციალური ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარება. დიაბეტური ტერფის მედიკამენტური მკურნალობა გულისხმობს ანტიბიოტიკების, ვაზოდილატატორებისა და ანტიკოაგულანტების დანიშვნას. ქირურგიული მკურნალობა მოიცავს აბსცესის და ფლეგმონის დრენირება ნეკრექტომიას. ზოგშემთხვევაში საჭირო ხდება ტერფის არტერიული სისხლის მიმოქცევის აღდგენის მიზნით ანგიოპლასტიკა და ქვემო კიდურების არტერიების სტენტირება, აუტოვენოზური შუნტირება, ენდარტერექტომია. მძიმე შემთხვევებში – ეკონომიური რეზექცია, აუტოდერმოპლასტიკა და კიდურის ამპუტაცია.

    > შესაძლებელია თუ არა დაავადების პროფილაქტიკა და როგორ?

    ვინაიდან დიაბეტური ტერფის განვითარების რისკი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ყველა ადამიანს ემუქრება, ამ პათოლოგიით დაავადებულთათვის რეკომენდებულია ფეხების მოვლის შემდეგი წესების დაცვა: უარი უნდა თქვათ ვიწრო და არაკომფორტულ, მოუხერხებელ ფეხსაცმელზე. ვიწრო ფეხსაცმელი ხელს უშლის ფეხებში სისხლის მიმოქცევას და აღრმავებს იშემიას. ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ფეხსაცმელმა არ დაგიზიანოთ ტერფი. ფეხსაცმლის მორგებისას აუცილებლად დაათვალიერეთ მისი შიგნითა ზედაპირი – უხეში ნაკერი ან ნაწიბური არ ჰქონდეს. როდესაც შეხებისა და ტკივილის შეგრძნება დაქვეითებულია, ადამიანი ვერ გრძნობს ფეხსაცმლით გამოწვეულ დისკომფორტს, ამიტომაც ტერფები რეგულარულად უნდა დაითვალიეროთ, რათა უმნიშვნელო ცვლილებაც კი არ გამოგეპაროთ. ფრჩხილები ფრთხილად უნდა დაიჭრათ, რათა არ დაიზიანოთ რბილი ქსოვილები, რადგან შაქრიანი დიაბეტის ფონზე უმნიშვნელო ტრავმაც კი შესაძლოა წყლულში გადაიზარდოს. არ იაროთ ფეხშიშველმა, რათა ტერფები ბასრი, წვეტიანი საგნებით არ დაიზიანოთ. დაემშვიდობეთ სპორტის იმ სახეობას, რომელმაც შესაძლოა ფეხების ტრავმირება გამოიწვიოს. სისტემატურად შეიზილეთ წვივის ქვედა ნაწილებსა და ტერფებზე დამატენიანებელი საცხი, რათა კანი არ გამოშრეს და არ დასკდეს. ფეხები ყოველ დღე (უმჯობესია, დღეში ორჯერ) დაიბანეთ თბილი წყლითა და საპნით. დაბანის შემდეგ ფაქიზად, კარგად გაიმშრალეთ. არ დაიდოთ ფეხებზე კომპრესი. სიწითლის, ფრჩხილების იერსახის ცვლილების, დაჩირქებისა თუ დაწყლულების შემჩნევისთანავე მიმართეთ ექიმს.

ბოლო აქციები