• 07 09 2020
    • 264 ნახვა
    ვაქცინაცია – მედიცინის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა!!!

    ვაქცინაცია – მედიცინის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა!!!

    covid-19 აფეთქებამ შეგვახსენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინები. დაგვანახა, რომ როდესაც დაავადებისათვის არსებობს ვაქცინა, საჭიროა გრაფიკის მიხედვით ავცრათ ბავშვები და თავადაც ავიცრათ.

    იმუნიზაცია არის ინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური საშუალება, რომლის დროსაც ორგანიზმში ხელოვნურად შეყავთ დასუსტებული ან მკვდარი ბაქტერია ან ვირუსი. რომლებიც იმდენად არიან დასუსტებულები, რომ არ აქვთ უნარი გამოიწვიონ დაავადება, სამაგიეროდ ორგანიზმში გამომუშავდება მათი საწინააღდეგო ცილოვანი მოლეკულები – იმუნოგლობულინები. შემდგომში, როცა ამ ტიპის ბაქტერია მოხვდება ორგანიზმში, რომელსაც უკვე შეუძლია გამოიწვიოს დაავადება, იმის გამო, რომ იმუნური სისტემა უკვე იცნობს მათ და მომზადებულია საბრძოლველად, იწყება მძლავრი იმუნური პასუხი და ბაქტერიები ვეღარ ახერხებენ ორგანიზმიის დაავადებას.

    ჩვეულებრივ, ახალშობილს აქვს თანდაყოლილი იმუნიტეტი ზოგიერთი ინფექციური დაავადების მიმართ, რასაც მუცლადყოფნის პერიოდში დედიდან გადაცემული ანტისხეულები უზრუნველყოფენ. ძუძუთი კვებისას დედის რძის მეშვეობითაც ბავშვი იღებს ანტისხეულების დამატებით ულუფას, თუმცა ორივე შემთხვევაში იმუნიტეტი დროებითია. ხანგრძლივი იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად კი აუცილებელია იმუნიზაცია.

    ხშირად, მშობლები ყოყმანობენ, რომ შესაძლოა მათ შვილს განუვითარდეს სერიოზული გვერდითი რეაქციები ან დაავადნენ იმ ინფექციით, რომელსაც ვაქცინა ეწინააღმდეგება. ეს ასე არ არის. ვაქცინა შეიცავს დახოცილ, დასუსტებულ მიკროორგანიზმებს ან მხოლოდ მათ გარკვეულ ნაწილებს, რომლებიც ვერ გამოიწვევენ რაიმე სახის სერიოზულ დაავადებას. ზოგჯერ ვაქცინამ შესაძლოა გამოიწვიოს რეაქცია, როგორიცაა ტემპერატურის მომატება და/ან აცრის ადგილის ტკივილი, შეშუპება და სიწითლე – სხვა უფრო სერიოზული რექციები ძალიან იშვიათია.

    უნდა გვახსოვდეს, რომ დაავადების რისკი გაცილებით დიდია ვაქცინაციის შემდგომი გართულებების რისკთან შედარებით.

    ხშირად ისმის შეკითხვა, საჭიროა თუ არა სავალდებულოს გარდა ბავშვს ჩაუტარდეს სხვა დამატებითი ვაქცინაცია?
    ნებისმიერი ინფექციური დაავადება არის გარკვეული რისკი ორგანიზმისთვის და თუ შესაძლებელია ის თავიდან ავიცილოთ ვაქცინის დახმარებით, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის .
    საერთაშორისო ექსპერტული ორგანიზაციების რეკომენდაციით, 6 თვეზე მეტი ასაკის ყველა ბავშვს ყოველწლიურად უნდა ჩაუტარდეს გრიპის საწინააღმდეგო აცრა. ეს ვაქცინა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც გრიპის გართულების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება
    აკად. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახ. სამედიცინო ცენტრში შესაძლებელია თქვენ და თქვენს შვილს ჩაუტარდეს როგორც საყოველთაოდ მიღებული ე.წ კალენდარული აცრები, ისე სეზონური გრიპის ვირუსის, მენინგოკოკის, B ჰეპატიტის, ჩუტყვავილას და სხვა ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რაც მინიმუმადე შეამცირებს ავადობის რისკსს.

    გახსოვდეთ, იმუნიზაცია იცავს ჩვენს მომავალს!

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრის პედიატრი – იზა ესებუა

ბოლო აქციები