• 25 09 2019
    • 97 ნახვა
    ვენის ლაზერული აბლაცია

    ვენის ლაზერული აბლაცია

    დღეისათვის ვენების ვარიკოზული გაფართოება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ეს პრობლემა ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეათე მამაკაცს აღენიშნება. აღსანიშნავია, რომ ვარიკოზი უმეტესად შრომისუნარიან 40 წლამდე ასაკის ადამიანებს ემართებათ.

    ვენების ვარიკოზული გაგანიერება ვენების დაავადებაა, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას. ხშირად გვხვდება ქვედა კიდურის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, რომლის მიზეზიც სარქვლოვანი აპარატის გაუმართაობაა. სისხლი ქვედა კიდურების ვენებში ქვევიდან ზევით მოძრაობს და სწორედ ვენების სარქვლები უშლის ხელს უკან დაბრუნებაში. როდესაც სარქვლები დაზიანებულია, სისხლი კიდურების ვენებში გუბდება და სისხლძარღვი ბუშტივით იბერება.
    დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზები და რისკ-ფაქტორები

    მეცნიერების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ გენეტიკური ფაქტორი დაავადების განვითარების ერთ-ერთი მიზეზია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადი მიზეზები და რისკ-ფაქტორები დაკავშირებულია ადამიანის ცხოვრების წესთან, კერძოდ: ხანგრძლივად ფეხზე დგომა, სიმძიმეების აწევა, ჰორმონული ფონის შეცვლა, ორსულობა – როდესაც თანდათანობით გაზრდილი საშვილოსნო მუცლის ღრუს ვენებს აწვება, რაც ქვედა კიდურების ვენებს ტვირთავს. ასევე – შეკრულობა, ხანგრძლივი, მძიმე ხველება და ცემინებაც კი.

    სიმპტომები:

    პირველი ნიშანი – დღის მეორე ნახევარში ფეხების შეშუპებაა, ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ – სიმძიმისა და წვის შეგრძნება. სიმპტომები ქრება და მცირდება სიარულის ან ძილის შემდეგ. მოგვიანებით აღინიშნება ტკივილი წვივის მიდამოში, სიმხურვალის შეგრძნება და ღამით – კრუნჩხვები კუნთებში. შემდეგ ფართოვდება ვენებიც. როცა ეს სიმპტომები შორს მიდის, შესაძლოა განვითარდეს თრომბოფლებიტი (ვარიკოზული ვენების ანთება), დაზიანებულ მიდამოში ტროფიკული წყლულები, ეგზემა ან თრომბის წარმონაქმნი, რომელიც შესაძლოა გადაადგილდეს და სადმე დაეცოს. დაბერილი, დაავადებული ვენა ზოგჯერ სკდება და იწყება სისხლდენა.

    დიაგნოსტიკა:

    ქვემო კიდურების კანქვეშა ვენების ვარიკოზული დაავადების დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია ქვემო კიდურების ვენების დუპლექს-სკანირება.

    მკურნალობის მეთოდები:

    ქვედა კიდურების ვარიკოზის მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტებით, სკლეროთერაპიითა და ოპერაციით.

    ვენის ლაზერული აბლაციის უპირატესობები:

    1. ადგილობრივი ანესთეზია.
    2. მინიინვაზიურობა (ოპერაცია კეთდება ერთი ჩხვლეტით, განაკვეთის გარეშე).
    3. მინიმალური პრე და პოსტოპერაციული პერიოდი.
    4. ოპერაციის ხანგრძლივობა – 45წთ.
    5. ოპერაციის შემდგომ კიდურზე არ აღინიშნება ჰემატომა და პიგმენტაცია.
    6. ოპერაცია კეთდება ამბულატორიულად.
    7. პაციენტი ბინაზე ეწერება ოპერაციიდან 1სთ-ში