• 13 03 2020
    • 212 ნახვა
    თირკმლის მსოფლიო დღე!

    თირკმლის მსოფლიო დღე!

    „ჯანმრთელი თირკმელი ყველასათვის“ 12 მარტი – თირკმლის მსოფლიო დღეა!

    ყოველი წლის 12 მარტს მსოფლიო თირკმლის დღეს აღნიშნავს სლოგანით – „ჯანმრთელი თირკმელი ყველასათვის – დალიე ერთი ჭიქა წყალი და იზეიმე თირკმლის მსოფლიო დღე“. თირკმელი წყვილი ორგანოა, რომელიც სისხლის გაწმენდასა და მისი ქიმიური შემადგენლობის დაბალანსებაში მონაწილეობს. ორი, მცირე ზომის ორგანო დღე-ღამის განმავლობაში თითქმის 200 ლიტრ სისხლს გადაამუშავებს, ხოლო 2 ლიტრამდე სითხე და ნარჩენი პროდუქტები შარდის სახით ორგანიზმიდან გამოაქვს.
    როგორ გავუფრთხილდეთ ორგანოს, რომელიც ადამიანის ფიზიოლოგიის მთავარი შემადგენელი ნაწილია?! საინტერესო რეკომენდაციებს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ნეფროლოგიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ქეთევან ცანავა გვაწვდის.
    – ქალბატონო ქეთევან, საშარდე სისტემის რა სახის დაავადებებია უფრო ხშირი ნეფროლოგიურ პრაქტიკაში?
    – საშარდე სისტემა მოიცავს ორ თირკმელს, ორ შარდსაწვეთს, შარდის ბუშტსა და შარდსადენ მილს. გამოყოფენ საშარდე სისტემის ანთებით დაავადებებს, გლომერულურ დაავადებებს, თირკმელების მწვავე უკმარისობას და თირკმელების ქრონიკულ დაავადებას, რომელიც, თავის მხრივ, ხუთ სტადიად იყოფა და მისი გამოსავალია თირკმელჩანაცვლებითი თერაპიის დაწყება.
    საშარდე სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარმოებს როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ პირობებში.
    – მოგვაწოდეთ ინფორმაცია საშარდე სისტემის ინფექციურ დაავადებათა შესახებ?
    – საშარდე გზების ინფექციები ყველაზე გავრცელებულ ინფექციათა ჩამონათვალში მეორე ადგილს იკავებს. აშშ-ის მონაცემებით, ზოგად საექიმო პრაქტიკაში ყოველწლიურად 8 მილიონამდე ვიზიტი და ჰოსპიტალიზაციის 100 000 შემთხვევა მათ წილად მოდის. საშარდე გზების ინფექცია (სგი) ეწოდება საშარდე სისტემის ნებისმიერ ადგილას განვითარებულ ინფექციას. პროგნოზი – უმეტესად კეთილსაიმედოა, თუმცა მძიმე ანთებითი პროცესის შემთხვევაში შეიძლება სეფსისი და თირკმელების უკმარისობაც კი განვითარდეს. განასხვავებენ საშარდე გზების ზედა და ქვედა ნაწილის, გაურთულებელ და გართულებულ ანთებით დაავადებებს. კლინიკური გამოვლინებები მრავალფეროვანია, დამოკიდებულია ანთებითი პროცესის ლოკალიზაციაზე და მისი გამოვლენის სიმძაფრეზე და ძირითადად ახასიათებს: გახშირებული, მტკივნეული შარდვა, მოშარდვის პროცესის დარღვევა, წელის ტკივილი, შემცივნება, ცხელება.
    – როგორ ვლინდება თირკმელების არაინფექციური დაავადებები, რა შეიძლება იყოს მისი დაზიანების მთავარი მიზეზი და როგორია ამ დაავადების პირველი ნიშნები?
    – თირკმელების გლომერულური დაზიანება შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. მისი გამოვლინებები მრავალფეროვანია (ძირითადად – არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება, შარდში ცილის არსებობა), ხოლო დიაგნოზის დასაზუტებლად მოწოდებულია თირკმლის ბიოფსიის შედეგად მიღებული თირკმლის ქსოვილის მორფოლოგიური შესწავლა. თირკმელების მწვავე უკმარისობა შეიძლება იყოს პრერენული, რენული და პოსტრენული მიზეზით გამოწვეული. ეს მდგომარეობა საჭიროებს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას ინტენსიური მოვლის სივრცეში. თირკმელების ქრონიკული დაავადება არის ნელა, ზოგჯერ შემპარავად პროგრესირებადი მდგომარეობა.
    – რა კვლევები უტარდება პაციენტს საშარდე სისტემის დაავადებების დასადგენად?
    – საშარდე სისტემის დაავადებების პირველადი ასახვა ხდება შარდის საერთო ანალიზში, თუმცა შემდეგ იგეგმება კვლევები საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების შესაბამისად. არ არის რეკომენდებული სიმპტომების, ანალიზების, ულტრაბგერითი კვლევის პასუხების ჩატარება და ინტერპრეტაცია არაპროფესიონალების მიერ.