• 24 07 2019
    • 128 ნახვა
    ინსულტი - სიმპტომები და დროული მკურნალობა

    ინსულტი - სიმპტომები და დროული მკურნალობა

    ინსულტი – სიმპტომები და დროული მკურნალობა

    პაატა ნადიმაშვილი, ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
    ინსულტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლითაც წლის მანძილზე დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი ავადდება, ლეტალობის მაჩვენებელი კი მხოლოდ ევროპაში 650 000 აღწევს.
    სამწუხაროდ, ინსულტი საქართველოშიც ერთ-ერთ მოწინავე დაავადებად ითვლება, მისი შემთხვევები განსაკუთრებით ზაფხულში იმატებს. ეს გახლავთ მდგომარეობა, რომლის დროსაც ირღვევა თავის ტვინის სისხლმომარაგება.
    არსებობს ინსულტის ორი სახეობა, იშემიური, რომლის გამომწვევიცაა თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვის დახშობა და ჰემორაგიული – თავის ტვინში სისხლჩაქცევა.
    ინსულტის სიმპტომების დროულად გამოვლენის და დროულად რეაგირების შემთხვევაში შესაძლებელია მისი განვითარების როგორც თავიდან აცილება, ასევე უკვე განვითარებული პროცესის გართულებების პრევენცია.
    ინსულტს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: უეცრად განვითარებული ძლიერი თავის ტკივილი, სახის ასიმეტრია, კოორდინაციის დარღვევა, თავბრუსხვევა, ორიენტაციის დაკარგვა, გონების კარგვის ეპიზოდები, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე. თითოეული ეს სიმპტომი ყურადსაღები და გასათვალისწინებელია.

    სამწუხაროდ, პროფილაქტიკური გასინჯვების აქტივობა საქართველოში მაღალი არ არის, რაც მეტად მნიშვნელოვანია და დაავადების განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს. დროულად დასმული დიაგნოზის წყალობით არაერთი პაციენტისთვის შეგვინარჩუნებია სიცოცხლე.
    ინსულტის ერთ-ერთ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ასაკი, ეს გახლავთ 60 წელს ზემოთ მყოფები, ასევე თანდართული დაავადებები, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი და გულის პრობლემები. დიდ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორიც, ასევე რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მომხმარებლები, ჭარბი წონის მატარებლები და დიდ როლს თამაშობს სტრესიც.

    საზოგადოებას ვურჩევთ, რომ წელიწადში რამდენჯერმე მიმართონ ექიმს, რათა გადააკონტროლონ საკუთარი ჯანმრთელობა. საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენი კლინიკა პაციენტებს ხშირად სთავაზობს უფასო კონსულტაციის დღეებს და აქციებს, რაც მოსახლეობისთვის ძალიან კარგი მოტივაციაა მოსალოდნელი პრობლემების თვიდან ასაცილებლად.