• 25 06 2019
    • 222 ნახვა
    ინფექციური მონონუკლეოზი

    ინფექციური მონონუკლეოზი

    ბოლო პერიოდში, საქართველოში იმატა ინფექციური მონონუკლეოზის შემთხვევებმა ბავშვებში და შესაბამისად, კლინიკაში მომართვიანობაც გაიზარდა. გამოვლენილი კლინიკური სიმპტომებით, მშობელი ზოგჯერ ვერ ხვდება თუ რა დაავადებასთან აქვთ საქმე, ამიტომ რეკომენდებულია ექიმთან დროული ვიზიტის დაგეგმვა, რათა არ მოხდეს დაავადების გართულება.
    ინფექციურ მონონუკლეოზს ახასიათებს ტემპერატურის მატება (თუმცა შეიძლება მიმდინარეობდეს ცხელების გარეშეც) საერთო სისუსტე, გადიდებული ლიმფური კვანძები, ღვიძლის და ელენთის გადიდება, ნადები ნუშურა ჯირკვლებზე, ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება, მადის დაქვეითება, ასევე პატარებს ეცვლებათ ხასიათი და არიან ზომაზე მეტად აღგზნებულნი.
    ინფექციური მონონუკლეოზი კლინიკური სინდრომია, რომელსაც ხშირად იწვევს ეპშტეინ-ბარის ვირუსი (თუმცა შესაძლებელია სხვა ვირუსმაც გამოიწვიოს). ბავშვებსა და მოზრდილებში ეპშტეინ-ბარის ვირუსი ნანახია ინფექციური მონონუკლეოზის შემთხვევათა 80%-დან 90%-ში.

    განვითარებად ქვეყნებში ბავშვთა უმეტესობა ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფიცირდება 4 წლამდე ასაკში, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში ვირუსით პირველადი ინფექცია გვხვდება სიცოცხლის შედარებით გვიან პერიოდში და ინფიცირებულ პაციენტთა 25% – 75%-ში ვითარდება ინფექციური მონონუკლეოზი. განვითარებული და ზოგიერთი განვითარებადი ქვეყნის ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ ვირუსით გამოწვეული პირველადი ინფექცია ინაცვლებს უფრო ასაკოვან პაციენტებში, რაც იწვევს მოზარდებსა და მოზრდილებში მძიმე ინფექციების სიხშირის ზრდას.

    ინფექცია გადადის დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტით, ნერწყვით, დაბინძურებული სათამაშოებით, ასევე დაბინძურებული საკვებით და წყლით. დაუშვებელია ჯანმრთელმა ადამიანმა გამოიყენოს ავადმყოფის პირადი მოხმარების და ჰიგიენის საგნები.
    ინფექციური მონონუკლეოზის მსუბუქი ფორმებისას, პაციენტის ჰოსპიტალიზაცია აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა თუ დაავადება სახლის პირობებში უმართავია, აუცილებელია პაციენტის კლინიკაში განთავსება.