• 16 08 2017
    • 254 ნახვა
    მწვავე რესპირატორული ინფექცია - გრიპი

    მწვავე რესპირატორული ინფექცია - გრიპი

    სახელწოდება „გრიპი“ – საფრანგეთიდან მოდის და შებოჭვას, დაჭერას ნიშნავს.
    გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ზოგადი ინტოქსიკაციით მიმდინარეობს.
    ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი. 
    დაინფიცირების საშიშროება მეტია დაავადების პირველ დღეებში. ნელ-ნელა ის იკლებს, რადგან ავადმყოფობის მე 6-7 დღეს ორგანიზმი ვირუსებისგან თავისუფლდება.
    ინფექცია გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით და მას სეზონურობა ახასიათებს.

    საინკუბაციო პერიოდი 12 საათიდან 3 დღემდე გრძელდება. დაავადების მიმდინარეობაში წამყვანია სიმპტომების ორი დიდი ჯგუფი, რომელთაგან ერთი განპირობებულია სასუნთქი ორგანოების დაზიანებით, ხოლო მეორე – ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემების დაზიანებით მიმდინარე ტოქსიკოზით.

    დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც ტიპიურად, ისე ატიპიურად. სიმძიმის მიხედვით არჩევენ მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმით მიმდინარე გრიპს.
    დაავადება იწყება უეცრად, შემცივნებით, ტემპერატურის მატებით, თავის ტკივილით შუბლის არეში, თვალებში სიმძიმის შეგრძნებით, სახსრების და კუნთების ტკივილით. ზოგიერთ შემთხვევაში გამოხატულია სინათლის შიში, უძილობა და თავბრუსვევა.
    ავადმყოფს აღენიშნება ცხვირის დახშობა, ყელის სიმშრალე, ოფლიანობა, მე II – III დღეს იწყება მშრალი ხველა, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, III – IV დღეს თავს იჩენს სურდოს მოვლენები.
    გრიპმა შეიძლება გამოიწვიოს გართულებები: პნევმონია, ნეიროტოქსიკოზი, გულსისხლძარღვთა უკმარისობა, ფილტვის მწვავე შეშუპება და სხვა.

    ძირითად შემთხვევაში ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია არ ხდება და მას მხოლოდ მძიმე და ელვისებრი ფრიპით დაავადებულნი საჭიროებენ.

    რეკომენდაციები:

    • ცხელების დროს რეკომენდირებულია წოლითი რეჟიმი;
    • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე;
    • დალიეთ ჩაი ჟოლოს მურაბით და თაფლით;
    • აუცილებლად ისარგებლეთ ნიღბით;
    • ხშირად გაანიავეთ სახლი;
    • დაამუშავეთ ოთახები სველი წესით;
    • ხშირად დაიბანეთ ხელები.

კატეგორიები