• 17 03 2021
    • 258 ნახვა
    რატომ წინდები?....

    რატომ წინდები?....

    2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.

    2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“ „Lot`s of Socks“, რომლის მიზანიც დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

    რატომ წინდები?… იმიტომ რომ წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვთ, ფერადი წინდის ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები.

    რატომ 21  მარტი?… დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.

    დაუნის სინდრომი ქრომოსომული დაავადებაა, რომლის მიზეზსაც მშობლების სასქესო უჯრედების გაყოფის პროცესში წარმოშობილი დარღვევა წარმოადგენს, შედეგად ნაყოფის უჯრედებში 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 ქრომოსომა ხვდება.  სწორედ ეს ზედმეტი ქრომოსომა განაპირობებს დაუნის სინდრომისთვის დამახასიათებელ სპეციფიურ ფიზიკურ ნიშნებს (სახის ბრტყელი პროფილი, მოკლე კისერი, პირის ზომასთან შედარებით დიდი ენა და სხვა), ინტელექტუალური განვითარების შეფერხებას და ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო საჭიროებებს (გულის თანდაყოლილი მანკი, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, მხედველობისა და სმენის დარღვევები და სხვა).

    საზოგადოებაში არსებულ მრავალ მითს შესაძლებელია დავუპირისპიროთ შესაბამისი რეალური ფაქტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ერთის მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მეორეს მხრივ სპეციალისტების ადრეულ ჩარევას ამ სინდრომის მქონე ბავშვისა თუ მოზრდილის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად:

    მითი: დაუნის სინდრომი იშვიათი დაავადებაა
    რეალობადაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადებაა და ყოველწლიურად საშუალოდ ყოველ 800 ბავშვიდან 1 სწორედ აღნიშნული სინდრომით იბადება.

    მითი:  დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირეა.
    რეალობა:  ბოლო წლებში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაუთანაბრდა მათი სხვა თანატოლების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობას, რასაც ხელი შეუწყო მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებების ხელმისაწვდომობის ზრდამ.

    მითი: დაუნის სინდრომი გენეტიკურია და მემკვიდრეობით გადადის
    რეალობა:  დაუნის სინდრომი გენეტიკურადაა განპირობებული შემთხვევათა მხოლოდ 1 პროცენტში. დანარჩენი 99 პროცენტის შემთხვევაში კი იგი არ ატარებს გენეტიკურ ხასიათს.

    მითი: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების უმეტესობას ასაკოვანი მშობლები ჰყავთ.
    რეალობა: მშობლების ასაკის ზრდასთან ერთად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის გაჩენის ალბათობა და რისკი იზრდება, თუმცა ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების უმეტესობას 35 წლამდე ასაკის მშობლები ჰყავთ.

    მითი: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს  ინტელექტუალური შეფერხება აქვთ.
    რეალობადაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უმეტესობას აქვს მსუბუქიდან საშუალო ხარისხის ინტელექტუალური განვითარების შეფერხება, რაც განაპირობებს აბსტრაქტული აზროვნებისა და განზოგადების სიძნელეებს, სწავლის ნელ ტემპს, თუმცა  არ გამორიცხავს განვითარების, ახალი უნარების ათვისებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისა შესაძლებლობებს.

    მითი: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები მხოლოდ სპეციალურ სკოლაში  უნდა სწავლობდნენ
    რეალობა საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური პროგრამის არსებობის შემთხვევაში, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ჩართვა შესაძლებელია ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში.

    მითი: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების დასაქმება შეუძლებელია
    რეალობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, დაუნის სინდრომის მქონე პირების  დიდი ნაწილი დასაქმებულია სხვადასხვა სექტორში (მაგალითად რესტორნები, სასტუმროები, კლინიკები, გართობის ინდუსტრია  და ა.შ.)

    მითი: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ყოველთვის ინარჩუნებენ კარგ გუნება-განწყობილებას.
    რეალობა:  დაუნის სინდომის მქონე ადამიანები, თითოეული ჩვენგანის მსგავსად ემოციების მთელ სპექტრს განიცდიან:  დადებითად რეაგირებენ მათდამი მეგობრულ დამოკიდებულებაზე და აღიქვამენ და  სწყინთ მათ მიმართ გამოვლენილი უხეში ან უპატივცემულო მოპყრობა.

    მითი: დაუნის სინდრომის მქონე პირებს არ გააჩნიათ ახლო ურთიერთობის დამყარების უნარი.
    რეალობა:  დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ მეგობრობის, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და სოციალიზაციის სხვა უნარები. მათი ნაწილი ქმნის ოჯახს ან აგრძელებს პარტნიორულ თანაცხოვრებას მოზრდილ ასაკში.

    დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად       

    დაუნი  არის  მეცნიერის  გვარი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.

    ატარეთ  ჭრელი  წინდები  21  მარტს  ყველგან,  სადაც  არ  უნდა  იყოთ

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრის პედიატრი –იზა ესებუა

ბოლო აქციები