• 08 10 2020
    • 573 ნახვა
    რა დაავადებაა შაკიკი, როგორი სიმპტომები ახასიათებს  და რით მწვავდება იგი?!

    რა დაავადებაა შაკიკი, როგორი სიმპტომები ახასიათებს  და რით მწვავდება იგი?!

    შაკიკის ისევე როგორც ბევრი სხვა დაავადების დიაგნოსტიკისა და მართვის დროს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ექიმის პაციენტთან სწორ კომუნიკაციას, დეტალური ანამნეზის შეკრებას, ურთიერთ ნდობის ჩამოყალიბებას. მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაღალტექნოლოგიურ კვლევებსაც (მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფია) უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რომ არ გამოგვეპაროს თავის ტვინის სერიოზული სტრუქტურული პათოლოგია.

    შაკიკი თავის ტკივილის ერთ-ერთი გავრცელებული სახეა.

    ეს არის შექცევადი, გამეორებადი დაავადება. უფრო ხშირად უნილატერალური (60 % შემთხვევებში), მოპულსირე ხასიათის, უმეტეს შემთხვევაში კეთილთვისებიანი თავის ტკივილი.

    რაც შეეხება ამ დაავადების სტატისტიკას, გვხვდება ქალების 15% და მამაკაცების 6%-ში.

    შაკიკს    ახასიათებს 5 და მეტი შეტევა თვეში.

    შეტევის ხანგრძლივობაა 4-72 საათი.

    მისი თანმხლები სიმპტომებია ფოტო-ფონოფობია (სინათლისა და ხმაურის შიში), გულისრევა/პირღებინება.

    ტკივილი მფეთქავი ხასიათისაა, საშუალო და ძლიერი ინტენსივობის. მატულობს ჩვეულ ფიზიკურ დატვირთვაზე.

    შაკიკის შეტევები იწყება 30 წლის ასაკიდან. შესაძლოა დაიწყოს პუბერტეტული პერიოდიდანაც. ქალებში გრძელდება მენოპაუზის ასაკამდე.

    დაავადების პათოგენეზი ჯერ კიდევ ბოლომდე უცნობია. არსებობს ვერსია დედის ხაზით მემკვიდრეობის შესახებ.

    შაკიკი შეიძლება დავყოთ შემდეგ ტიპებად:

    მარტივი შაკიკი

    შაკიკი აურით – ეს კლასიკური შაკიკია

    ქრონიკული შაკიკი

    ქრონიკული შაკიკი გამოწვეული მედიკამენტების ჭარბი გამოყენებით

    დაუზუსტებელი შაკიკი

    შაკიკი აურით გვხვდება 64%-ში. ადრე უწოდებდნენ ,,ჩვეულებრივ“ შაკიკს.

    აურა- ეს არის პერიოდი, რომელიც გრძელდება გარკვეული დროის განმავლობაში და წინ უსწრებს თავის ტკივილის დაწყებას. აურა შეიძლება იყოს მხედველობითი-ხშირად მოციმციმე ნათებების სახით, გარდამავალი მეტყველებითი და სენსორული სიმპტომებით, ყნოსვის გაუკუღმართებით და ასე შემდეგ. აურის შემდგომ იწყება შეტევითი ხასიათის თავის ტკივილი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 4-72 საათი გრძელდება.

    შაკიკი შეიძლება გართულდეს ნევროლოგიური დეფიციტითაც. ამიტომ დროულად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამ დავადების მართვაზე.

    შაკიკის პათოგენეზი ბოლომდე შესწავლილი არ არის. ერთ-ერთი ვერსიით დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ ფაქტორს-განსაკუთრებით დედის ხაზით მემკვიდროებას.

    შაკიკის გამამწვავებელი ფაქტორებია:

    კოფეინის ჭარბი მოხმარება

    მოწევა

    ძილის დარღვევა (ზედმეტი ძილი ან ძილის ნაკლებობა)

    ალკოჰოლი

    ნიტრატების შემცველი საკვები (ჰოთდოგი, ჩინური საკვები, ფერმენტების შემცველი საკვები, შოკოლადი)

    მედიკამენტები (ვაზოდილატატორები, რეზერპინი, ნიფედიპინი, ესტროგენები, ორალური კოტრაცეპტივები).

    სტრესი

    შიმშილი

    მენსტრუაცია

    შაკიკის მკურნალობისთვის თავი უნდა ავარიდოთ თვითმკურნალობას, მეზობლის, ნათესავის, მეგობრის რჩევას, ასევე გარკვეულწილად ინტერნეტ-სივრცესაც. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ საქართველოში და მსოფლიოშიც ახლად დანერგილ ექიმთან ონლაინ-კონსულტაციებს (ეს მხოლოდ გაურთულებელი შაკიკის შემთხვევაში).

    ყოველი პაციენტი ხომ ინდივიდია და მედიკამენტების შერჩევაც ინდივიდუალურად ესაჭიროება. როგორც სამკურნალო, ასევე საპროფილაქტიკო მედიკამენტებს აქვს თავისი გვერდითი ეფექტები, რაზეც პასუხისმგებლობას სრულად იღებს ექიმი და არა მეზობელი, მეგობარი ან ნათესავი. და ასევე ინტერნეტ- სივრცესაც თავისთავად მოხსნილი აქვს პაციენტზე პასუხისმგებლობა.

    მივენდოთ თანამედროვე მედიცინას! მედიკამენტები მივიღოთ ექიმის დანიშნულებით! ექიმმა ხომ შაკიკის გარდა თქვენი სხვა დაავადებებიც უნდა შეისწავლოს წამლების გვერდითი მოვლენების თავიდან არიდების, ან მინიმუმამდე დაყვანის მიზნით!

     

    ნინო ნადარეიშვილი – აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრის ოჯახის ექიმი

ბოლო აქციები