• 01 08 2019
    • 282 ნახვა
    სუფთა ხელები

    სუფთა ხელები

    მშობლებმა იციან, რომ ხელების დაბანა და სანიტარული ნორმების დაცვა ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკის შემცირებას უწყობს ხელს, თუმცა ასწავლო პატარას რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ჯანმრთელობისთვის, რთული საქმეა.
    ენტეროვირუსული ინფექციები, ვირუსული ჰეპატიტი A, დიზენტერია, ამებიაზი, სალმონელოზი, პარაზიტული დაავადებები, გრიპი – ეს იმ დაავადებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჰიგიენასთან.

    ადამიანი ყველაზე მარტივად სწორედ ჭუჭყიანი ხელებით, დაბინძურებული საკვებით (გაურეცხავი ხილი, ბოსტნეული, არასწორად შენახული/დამუშავებული საკვები) და სასმელი წყლით ინფიცირდება. აქედან გამომდინარე, ამ ინფექციების გავრცელების რისკის შესამცირებლად ყველაზე მნიშვნელოვანი და მარტივი საშუალება ხელების ხშირი და სწორი დაბანაა.

    > გახსოვდეთ, რომ პატარები ვიზუალური და კინეტიკური მოსწავლეები არიან, ისინი იმახსოვრებენ და იმეორებენ თქვენს ქცევებს, ამიტომ აჩვენეთ მათ, თუ როგორ იბანთ თავად ხელებს და მხოლოდ თეორიული ინფორმაციით ნუ შემოიფარგლებით.

    > ყველაზე მარტივი გზა ვასწავლოთ პატარას და მივაჩვიოთ რაიმეს, არის თამაში, ამიტომ შეუქმენით მას სასიამოვნო და კომფორტული გარემო.

    > იმისათვის, რომ ბავშვი თავად მიწვდეს ხელსაბანს და არ გაუჩნდეს პროტესტის გრძნობა, თითქოს თქვენი მითითებით აკეთებს რაიმეს და თავი დამოუკიდებლად იგრძნოს, ხელსაბანთან მოათავსეთ პატარა სკამი ან შესაბამისი მყარი ყუთი.

    > შეიძინეთ ბავშვისთვის პირადი საპონი, რომელიც მხოლოდ მისი გამოყენებისთვის იქნება. საპონი სასურველია იყოს ფერადი და სხვადასხვა ფორმის, ამით თქვენ მის ყურადღებას მიიქცევთ.

    > შეთავაზეთ ბავშვს აირჩიოს მისთვის საყვარელი სიმღერა, ჩაურთეთ ის და ამით თქვენ გააკონტროლებთ დროს, რომ მან ხელები მინიმუმ 50-60 წამი იბანოს.

    > ყოველთვის შეაქეთ ბავშვი, როდესაც ხელებს დაიბანს, ვიდრე მას ჩვევაში არ გადაუვა ეს პროცესი.

    მიუხედავად თქვენი თავდაუზოგავი მცდელობისა, შესაძლოა ბავშვი ვერ დაიცვათ ინფექციური დაავადებებისგან რომლებიც თავს იჩენს შემდეგი სიმპტომებით:
    ზოგადი ინტოქსიკაცია, ტემპერატურის მატება, თვალების, ყელის, სასუნთქი გზების დაზიანება, გამონაყარი, მუცლის და სახსრების ტკივილი, დიარეა.
    ამ დროს აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, რათა მოხდეს დროული და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

    ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სუფთა ხელები, თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია!