• 12 02 2020
    • 48 ნახვა
    ყინვა და ჯანმრთელობის პრობლემები

    ყინვა და ჯანმრთელობის პრობლემები

    რა პრობლემებს უქმნის ყინვა ადამიანის ჯამრთელობას და როგორ გავუმკლავდეთ სიცივის ალერგიას?!

    შეგაწუხათ კანის სიმშრალემ, ქავილმა, გამონაყარმა და არ იცით რასთან შეიძლება იყოს ეს შემაწუხებელი სიმპტომები კავშირში, რა დაავადებასთან გვაქვს საქმე და არის თუ არა აღნიშნული სიმპტომები საყურადღებო, ვინ არიან რისკის ჯგუფში მყოფი პირები და როდის მივმართოთ ექიმს ?
    ზამთრის პერიოდში, ტემპერატურის მკვეთრი დაცემა ადამიანის ორგანიზმში მნიშვნელოვან ცვლილებებს ახდენს. ძლიერი სიცივე გარდა დისკომფორტისა გარკვეული დაავადებების გამომწვევი მიზეზიც კი ხდება. სურდო, ცრემლდენა, კანზე და ტუჩზე გამონაყარი, ეს ის სიმპტომებია, რომელიც პირდაპირ მიგვანიშნებს ალერგიულ გართულებაზე, რომელიც შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. სიცივის ალერგიის რამდენიმე ფორმა არსებობს. ერთ–ერთი მათგანი გახლავთ სიცივის ჭინჭრის ციება, რომლის დროსაც სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ალერგიისთვის დამახასიათებელი გამონაყარი ვითარდება, ის უშუალოდ სიცივით პროვოცირდება. შესაძლებელია, სიცივემ გაამწვავოს ისეთი ალერგიული დაავადება, როგორიც არის ატოპიური დერმატიტი. ამ დროს კანი შრება, ვითარდება ქავილი და ჩნდება გამონაყარი.
    პატარებს სიცივის ან ყინვის ზემოქმედებისას ლოყები უწითლდებათ. იმისათვის, რომ გავარკვიოთ არის თუ არა ეს სიცივის ალერგია, ბავშვს ხელზე ყინულის კუბი დაადეთ. 4 წუთის შემდეგ აიღეთ ყინული და ათ წუთში დააკვირდით რეაქციას, გაჩნდება თუ არა ჭინჭრის ციების მსგავსი ლაქები. თუ ლაქები 1 საათის შემდეგაც არ გაჩნდება, თქვენს პატარას სიცივეზე სრულიად ნორმალური რეაქცია აქვს.
    სიცივის ალერგია უმეტესად აღინიშნება ახალგაზრდებში, უფრო ქალბატონებში. ახალგაზრდა გოგონებს ის ხშირად ეწყებათ გადატანილი ინფექციური დაავადების შემდეგ. მასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია, რადგან შეუძლებელია ალერგენის ( სიცივე) სრულად აცილება. დროთა განმავლობაში დაბალ ტემპერატურაზე მიჩვევა თითქმის შეუძლებელია. ალერგიული რეაქციები შესაძლოა განვითარდეს და მიმდინარეობდეს უფრო რთულადაც კი.
    სიცივის ალერგიის ყველაზე გავრცელებული სხვა სიმპტომებია:
    • მწვავე, ქრონიკული და მორეციდივე ურტიკარია. ეს არის ჭინჭრის ნასუსხისმაგვარი გამონაყარი, რომელსაც თან ერთვის კანის ქავილი და შესაძლოა შეშუპებაც. გამონაყარის ელემენტები სიცივით დაზიანებულ უბნებზეა განლაგებული. გადაცივებამ (ცივ წყალში ბანაობამ ან ცურვამ) შესაძლოა გამოიწვიოს გენერალიზებული ურტიკარია წნევის დაცემა და ფატალური დასასრულიც კი.
    • სიცივის ერითემა – ასეთ დროს წარმოიშობა სიწითლე და ტკივილის შეგრძნება კანის იმ უბნებზე, რომლებზეც სიცივე მოქმედებს.
    • სიცივით გამოწვეული კონიუნქტივიტი – თვალების წვა და ცრემლდენა სიცივეში მოხვედრისას.
    • რინიტი – სურდო, ცხვირის გაჭედვა, რომელიც თბილ გარემოში აღმოჩენისთანავე გაივლის;
    • რადიკულიტი – სიცივეში სეირნობა ხშირად ბიძგს აძლევს იმუნური კომპლექსების წარმოქმნას, რომლებიც ნერვული ფესვების ანთებას უწევს პროვოცირებას;
    • სუნთქვის გაძნელება – სიცივეში ვითარდება ბრონქოსპაზმი, სასუნთქი გზები მკვეთრად ვიწროვდება და იწყება ხველა. ამას ექიმები ბრონქოსპასტიკურ სინდრომს უწოდებენ. სპაზმი თბილ გარემოში დაბრუნებისთანავე გაივლის.
    იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის პრობლემები ძლიერი სიცივის დროს, გარეთ გასვლისას შესაბამისად უნდა შეიმოსოთ: თბილი შარფით, ქარისგან დამცველი კაპიუშონიანი ქურთუკით და სითბოს შემანარჩუნებელი, გრძელი თბილი ხელთათმანით. ქუჩაში გასვლის წინ სახეზე, ხელებზე შეიზილეთ ცხიმიანი კრემი – ის ნაწილობრივ დაიცავს კანს სიცივის ზემოქმედებისგან. ცხიმოვანი კრემი უკუნაჩვენებია დაავადებულ ქალთა სახეზე წასასმელად, რადგან ახშობს ფორებს. ტუჩის ჰიგიენური პომადის გამოყენება ყველასთვის დასაშვებია.
    • თუ სიცივეზე ალერგიული რეაქცია მუდმივად ვითარდება, აუცილებელია გაირკვეს არის თუ არა ის დაკავშირებული სხვა რომელიმე დაავადებასთან, ასეთ შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა გისურვებთ ჯანმრთელობას!