• 04 03 2021
    • 429 ნახვა
    ძვირფასო  დედებო!

    ძვირფასო  დედებო!

    მშობლობა რამდენადაც საყვარელი და    სასურველია იმდენად უდიდესი  ვალდებულებაა.   ბავშვი, სათუთი  და  საყურადღებო ოჯახის წევრია და ადრეული ასაკიდანვე მის სწორ  მოვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

    ბავშვის სრულყოფილი განვითარების პროცესში დომინანტია გარემო, სადაც იზრდება ბავშვი. დედის როლი ჩვილის განვითარების პროცესში ფასდაუდებელია. დედა პირველი ადამიანია, რომელთანაც ბავშვი ფსიქო–სოციალური ადაპტაციის პირველ საფეხურებს გადის, ამიტომ, გახსოვდეთ, რომ თქვენზეა დამოკიდებული, როგორი გაიზრდება თქვენი პატარა. ფსიქომოტორული განვითარება მუდმივი პროცესია, რომელიც იწყება ჩასახვიდან, გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე და სიცოცხლის სავადასხვა პერიოდში გარკვეული კანონზომიერებით ხასიათდება.  ბავშვის  ფსიქომოტორული განვითარების პროცესში შეიძლება გამოვლინდეს  განვითარების შეფერხების ცალკეული ნიშნები. ასეთი ნიშნების გამოვლენისას პედიატრი სრულყოფილად შეაფასებს ბავშვის  განვითარებას, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩართავს სპეციალისტებს, რათა დროულად გამოვლინდეს შეფერხების მიზეზი და მიღებულ იქნას ყველა შესაძლო ზომა ამ მიზეზის აღმოფხვრისათვის.

    ფსიქომოტორული განვითარების შეფერხების ნიშნები, როდესაც თქვენ  აუცილებლად  უნდა მიმართოთ თქვენს პედიატრს, შემდეგია:

    2 თვის ასაკში – არ იღიმება.

    3 თვის ასაკში – ვერ იჭერს თავს, არ რეაგირებს თქვენს  გამოჩენაზე, არ იჩენს თქვენდამი ინტერესს.

    4 თვის ასაკში – ხელის მოკიდების და წამოწევისას არ იწევს დასაჯდომად. არ ცდილობს სათამაშოს ხელში დაჭერას.

    5თვის ასაკში – არ ბრუნდება ზურგიდან მუცელზე. არ შეუძლია სათამაშოს დაჭერა.

    6 თვის ასაკში – არ ღუღუნებს, არ უღიმის გარშემო მყოფებს, არ იცინის მიმართვისას.

    7 თვის ასაკში – არ შეუძლია სათამაშოს ხელში დაჭერა, ხელიდან ხელში გადატანა. არ ეძებს დავარდნილ საგანს.

    8 თვის ასაკში – ვერ ჯდება დახმარების გარეშე. არ იცინის თამაშის სიტუაციაში.

    9 თვის ასაკში არ ამბობს მარცვლებს, მაგალითად,  „ბა“ „მა“ არ იჩენს  ინტერესს თამაშზე – „ჭიტა“.

    10  თვის ასაკში – არ შეუძლია სათამაშოს დაჭერა 2 თითით.

    11 თვის ასაკში – დახმარებითაც ვერ დგება ფეხზე

    12 თვის ასაკში – არ ამბობს ცალკეულ სიტყვებს, მაგ, „ბაბა“  „მამა“ „დედა“ ….. არ ეძებს დამალულ საგანს, შეხებაზე ვლინდება ბავშვის უნებლიე დაჭიმულობა, პატარა ძნელი  დასაწყნარებელია.

    15 თვის ასაკში – არ დადის. არ შეუძლია საგნის აღება ან დადება, არ თამაშობს,  შეხებაზე ვლინდება ბავშვის უნებლიე დაჭიმულობა,  პატარა ძნელი  დასაწყნარებელია.

    18 თვის ასაკში – იყებებს სამ სიტყვაზე ნაკლებს გაცნობიერებულად.

    გისურვებთ წარმატებებს!

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრის პედიატრი – ნანა საპანაძე!

ბოლო აქციები