• 12 12 2018
    • 426 ნახვა
    წითელა

    წითელა

    წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძირითადად ბავშვებში გვხვდება. აღსანიშნავია, რომ დაავადების შემთხვევებმა იმატა როგორც უფროსი ასაკის ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.
    საქართველოში 2017 წლის ბოლოდან დაიწყო წითელას შემთხვევათა მატება ლოკალური ეპიდაფეთქებების სახით.
    წითელა სერიოზული ინფექციური დაავადებაა და საჭიროა ბავშვები აცრილნი იყვნენ წითელას საწინააღმდეგო წითელა-წითურა-ყბაყურა (MMR) ვაქცინით, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად.

    წითელა მიმდინარეობს გამონაყრით, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანებით. ახასიათებს მაღალი გადამდებლობა.
    დაავადება მესამე პირით და საგნებით არ გადადის. დაავადების ინკუბაციური პერიოდი (ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან დაავადების გამოვლენამდე) საშუალოდ ორი კვირაა. დაავადება იწყება 2-4 დღიანი პროდრომით (დაავადების დაწყებიდან – გამოყრამდე პერიოდი). პაციენტს აღენიშნება ხველა, ცემინება, კონიუქტივიტი ცრემლდენით, გამონადენი ცხვირიდან, ტემპერატურის მატება.
    ამ დროს ეჭვი ძირითადად გრიპზე და მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე დაავადებებზეა, თუმცა ამ პერიოდში პათოგნომური ნიშანია კოპლიკის ლაქა (1-2 მმ, მოლურჯო მოთეთრო ლაქა წითელი არშით, ლოყის ლორწოვან გარსზე, ქვედა მოლარების დონეზე). ამის შემდეგ პაციენტს ეწყება ლაქოვან პაპულოზური გამონაყარი, პირველ დღეს ყურების უკან, ცხვირის ზურგზე და შემდეგ ვრცელდება ტანსა და კიდურებზე.
    ამავე თანმიმდევრობით ხდება ელემენტების ჯერ გაყავისფრება და შემდეგ ალაგება.

    წითელა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში:
    წითელა სიცოხლისათვის საშიში დაავადებაა, განსაკუთრებით ჩვილებისა და პატარა ბავშვებისათვის. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, წითელათი დაინფიცირების შემთხვევათა მესამედში, საჭირო ხდება ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. წითელას შემთხვევათა 30%-ში ადგილი აქვს დაავადების ისეთ გართულებებს, როგორიცაა:

    • ყურის ანთება (ოტიტი) რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სიყრუე;
    • ფილტვების ანთება (პნევმონია);
    • დიარეა;
    • თავის ტვინის ანთება (ენცეფალიტი);
    • ლეტალობა

    ვაქცინაცია:
    12 და მეტი თვის ასაკში აცრის შემთხვევაში, წითელას ვაქცინის ეფექტიანობა 95% აღწევს, ანუ იმუნიტეტი გამომუშავდება აცრილთა 95%-ში. უფრო ადრეულ ასაკში, ვაქცინის ეფექტიანობა შედარებით დაბალია (9 თვის ასაკში – 85%, 6 თვის ასაკში კი კიდევ უფრო ნაკლები), რადგან ჩვილის ორგანიზმში ჯერ კიდევ არის დედისაგან მიღებული ანტისხეულები, რომლებსაც წითელას ვაქცინის ვირუსის განეიტრალება შეუძლიათ. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში, დედისეული ანტისხეულების დონე ჩვეულებრივ საკმარისია წითელასგან ბავშვის დასაცავად.

    წითელა ორსულებში:
    თუ ქალი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით არ არის აცრილი და ორსულობის დროს დაავადდა, ეს შეიძლება გახდეს თვითნებური აბორტის, მკვდრადშობადობის ან ნაადრევი მშობიარობის მიზეზი.

    ვაქცინაცია წითელას პრევენციის (თავიდან აცილების) ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. თუმცა MMR ვაქცინით აცრა ორსულობის პერიოდში უკუჩვენებაა.
    MMR ვაქცინაცია არ უნდა ჩაუტარდეთ ორსულ ქალებსა და მათ, ვისაც დაგეგმილი აქვს ორსულობა. ცოცხალი ვირუსის შემცველი ვაქცინის მიღება, ნაყოფისათვის თეორიულ რისკს წარმოადგენს. ამიტომ, რეკომენდებულია, MMR ვაქცინაციის ჩატარებიდან 28 დღის განმავლობაში ორსულობა თავიდან იქნეს აცილებული.

    ძუძუთი კვება და ვაქცინაცია:
    ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში, ვაქცინების, მათ შორის ცოცხალი ვირუსის შემცველი ვაქცინების მიღება უსაფრთხოა როგორც ქალების, ასევე ჩვილებისათვის და ძუძუთი კვების უსაფრთხოებაზე გავლენას არ ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ დედის აცრის შემთხვევაში, ვაქცინებში შემავალ ცოცხალ ვირუსებს დედის ორგანიზმში გამრავლების უნარი აქვთ, ეს ვირუსები უხშირესად დედის რძით არ გამოიყოფა ან თუ გამოიყოფა, ის ჩვილის ჯანმრთელობზე გავლენას არ ახდენს, რადგან ვაქცინა ვირუსის დასუსტებულ ფორმას შეიცავს.

    ზემოთ აღნიშნული სიმპტომების შემჩნევისას, სწორი მკურნალობის ჩასატარებლად, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი შვილებისთვის, მიმართეთ ექიმს. გაითვალისწინეთ, რომ თვითმკურნალობა დაუშვებელია.