• 06 08 2018
    • 412 ნახვა
    წითელი ქარი

    წითელი ქარი

    რა უნდა ვიცოდეთ წითელი ქარის შესახებ
    საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია

    რა არის წითელი ქარი
    – წითელი ქარი კანის მწვავე სტრეპტოკოკური დაავადებაა, უფრო მარტივად რომ ვთქვათ კანის ბაქტერიული ინფექციაა.

    დაავადების მახასიათებლები
    – დაავადებას ახასიათებს ცხელება, კუნთების ტკივილი, ანორექსია. კანის დაზიანება, რომელიც ვლინდება მკვეთრად შემოფარგლული ანთებითი კერის წარმოქმნით. ლიმფადენოპათია, ქავილი, ტკივილი და დაჭიმულობა დაზიანებულ უბნებზე, ასევე ცხელება და ინტოქსიკაცია.

    ლოკალიზაცია
    – ადრეულ ხანაში სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექცია პაციენტის სახეზე ლოკალიზდებოდა, ამჟამად კი უმთავრესად ქვედა კიდურებზე იჩენს თავს.

    დაავადების განვითარება
    – დაავადების განვითარების უმთავრესი ეტაპია კანის მთლიანობის დარღვევა, რის შედეგადაც მასში ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმი იჭრება. ინფექციური პროცესის განვითარებას ხელს უწყობს ადგილობრივი ფაქტორები – ვენური უკმარისობა, დაწყლულება, კანის ანთებითი დაავადება, სოკოვანი ინფექცია, მწერის ნაკბენი, ქირურგიული ინფექცია. სახეზე ლოკალიზებული წითელი ქარის დროს ბაქტერიების წყარო ხშირად ცხვირ-ხახაა. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, შიდსი, ნეფროზული სინდრომი და სხვა ისეთი მდგომარეობები, რომელთა დროსაც იმუნური სისტემაა დაქვეითებული. წითელი ქარის უმნიშვნელოვანესი რისკფაქტორი მაინც ლიმფის მოძრაობის დარღვევა – ლიმფოსტაზია. ინფექცია სწრაფად ვრცელდება ლიმფური სადინარების მეშვეობით, რასაც შესაძლოა მიმდებარე ლიმფური კვანძების გადიდება მოჰყვეს.

    მკურნალობა
    – კიდურზე ლოკალიზებული წითელი ქარის დროს აუცილებელია მოძრაობის შეზღუდვა და კიდურის მოსვენება აწეულ მდგომარეობაში, რათა შემცირდეს ანთებითი შეშუპება და ტკივილი. უნდა გამოვიყენოთ ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული საფენები, ვცვალოთ 2 საათში ერთხელ. ვინაიდან წითელი ქარი სტრეპტოკოკული ინფექციაა, აუცილებელია პაციენტი მიყვეს ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობის კურსს. დაავადების სირთულიდან გამომდინარე ხდება შესაბამისი პრეპატარების დანიშვნა და ანთებითი სიმპტომების მოხსნა. რეკომენდირებულია სტაციონარული მკურნალობა და ექიმის მუდმივი ზედამხედველობა.

    გართულებები
    – წითელი ქარის ყველაზე ხშირი გართულებებია აბსცესი ანუ ჩირქგროვა, განგრენა და თრომბოემბოლია. იშვიათად შეიძლება აღმოცენდეს გლომერულონეფრიტი, ენდოკარდიტი, სეფსისი და ტოქსიკური შოკი. იშვიათადვე შეიძლება დაზიანდეს ახლომდებარე სახსრები, აღმოცენდეს ბურსიტი, ოსტეიტი, ართრიტი და ტენდინიტი.

    გადამდებია თუ არა წითელი ქარი
    – წითელი ქარი გადამდებ დაავადებათა სიას არ მიეკუთვნება