• 16 07 2018
    • 328 ნახვა
    ჰემორაგიული ცხელება

    ჰემორაგიული ცხელება

    ჰემორაგიული ცხელება მწვავე, ვირუსული ბუნების ბუნებრივკერობრივი დაავადებათა დიდი ჯგუფია, გაერთიანებული სამი კარდინალური ნიშნის მიხედვით:

    • ყველა ჰემორაგიული ცხელების გამომწვევია ვირუსი, რომელსაც ახასიათებს სისხლძარღვის კედლის მიმართ ტროპიზმი. ჰემორაგიული ცხელების გამომწვევი ვირუსები მიეკუთვნება სხვადასხვა ტაქსონომიურ ჯგუფს: ტოგავირუსები, ბუნიავირუსები, რაბდოვირუსები, არენავირუსები.
    • ახალიათებთ ჰემორაგიული სინდრომი. ვირუსი ფიქსირდება სისხლძარღვთა კედლის ენდოთელიუმში და იწვევს უნივერსალურ კაპილაროტოქსიკოზს ენდოთელიუმში დესტრუქციით, სისხლძარღვის კედლის ნეკროზით და მისი განვლადობის გაზრდით.
    • ყველა ჰემორაგიული ცხელება ბუნებრივ-კერობრივი ზოონოზია. არსებობს ამ დაავადების ბუნებრივი და ანთროპურგული კერები. ბუნებრივ კერებში დაავადების რეზერვუარია მღრღნელები, ჩანთოსნები, პრიმატები და ფრინველები. ანთროპურგულ კერებში ინფექციის წყარო ადამიანია. ამიტონ დაავადება ზოგჯერ ეპიდემიასაც იწვევს.
    გადაცემის მექანიზმის მიხედვით ჰემორაგიული ცხელებები იყოფა 3 ძირითად ჯგუფად:
    1. კოღოსმიერი (ყვითელი, დენგეს, ჩიკუნგუას, რიფტ-ვალის ჰემორაგიული ცხელება);
    2. ტკიპისმიერი (ყირიმის, ომსკის, კიასანური ტყის ცხელება);
    3. კონტაგიოზურ-ზოონოზური (ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით, არგენტინული, ბოლივიის, ლასას, მარბურგისა და ებოლას ჰემორაგიული ცხელება).
    თითოეული მათგანი გადადის აგრეთვე ალიმენტური და პარენტერული გზით.

    დღეს ჩვენი საუბრის თემაა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF), რომელიც გამოწვეულია ვირუსით (Nairovirus) Bunyaviridae – ს ოჯახიდან.

    მარიამ გიგაური – აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის, მოზრდილთა ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი.

    – საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევა პირველად 2012 წელს დაფიქსირდა, მსოფლიოში ის ფართოდ გავრცელებულ დაავადებათა სიაში შედის და განსაკუთრებით საშიშ პათოგენთა ნუსხაშია. ენდემიური კერები გავრცელებულია აფრიკაში, აზიაში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთში.
    CCHF ვირუსის მტარებლები არიან გარეული და შინაური ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი და თხა, ფრინველებიდან კი – სირაქლემა. ცხოველებში ვირუსი ვრცელდება ინფიცირებული ტკიპისკბენის შედეგად. საქართველოში, 2012 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია ლაბორატორიულად დადასტურებული ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების 15 შემთხვევა.
    CCHF ვირუსი ადამიანებს გადაეცემათ ტკიპის კბენით ან ინფიცირებული ცხოველის დაკვლის შემდეგ მათ სისხლთან ან ქსოვილებთან კონტაქტისას. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შესაძლებელია ინფიცირებული პირის სისხლთან, გამონაყოფებთან, ორგანოებთან ან ბიოლოგიურ სითხეებთან ახლო კონტაქტის შემთხვევაში.
    ინკუბაციური პერიოდი ინფიცირებული ტკიპის კბენის შემთხვევაში მოიცავს 1-3 დღეს და შეიძლება გაგრძელდეს 9 დღემდე, ხოლო ინფიცირებულ სისხლთან და გამონაყოფებთან კონტაქტის დროს – 5-6 დღეა და შესაძლოა გაგრძელდეს 13 დღემდე. პრეჰემორაგიული ფაზა იწყება მწვავედ, არასპეციფიური სიმპტომებით: შემცივნებით, ცხელებით, ასთენიით, თავის ტკივილით, მიალგიით, ართრალგიით, ფოტოფობიით, ზოგჯერ ვლინდება დიარეა, გულისრევა, ღებინება, სახის, კისრის, მკერდის ჰიპერემია, სკლერების სისხლსავსეობა, კონიუნქტივიტი. ფაზის ხანგრძლივობაა 1-7 დღე.
    ჰემორაგიულ ფაზაში ყურადღებას იპყრობს სხვადასხვა ჰემორაგიული გამოვლინებანი – პეტექიური გამონაყარი, ეკქიმოზები ან პურპურა, სისხლჩაქცევები ინექციების ადგილზე, ღრძილებიდან სისხლისდენა, ეპისტაქსისი, ჰემატემეზისი, ჰემოპტიზი, სისხლი განავალში, და ჰემორაგიული სინდრომის სხვა გამოვლინებანი (მეტრორაგია, ჰემატურია და სხვა). ჰეპატომეგალია (20-40%), სპლენომეგალია (14-23%), თირკმლის ფუნქციის სწრაფი გაუარესება. სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს კარდიო-რესპირაციული უკმარისობა, პოლიორგანული უკმარისობა დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედებითა და ცირკულაციური შოკით, გასტრო-დუოდენური სისხლისდენა. კონვალესცენციის ფაზა გრძელდება 20 დღემდე და შესაძლოა გახანგრძლივდეს 1 წლამდე. ამ დროს შესაძლო ნარჩენი გამოვლინებებია – ზოგადი სისუსტე, ლაბილური პულსი, თმის დროებითი ცვენა, პოლინევრიტი, სუნთქვის გაძნელება, მხედველობის, სმენისა და მეხსიერების დაქვეითება.

    ყირიმ-კონგოს ცხელების რისკის ჯგუფში შედიან:
    • სოფლის მეურნეობის მაუშაკები;
    • მესაქონლეები;
    • ცხოველთა სასაკლაოს მუშაკები;
    • ვეტერინარები;
    • მედიცინის სფეროს მუშაკები;
    • მოგზაურები (ყირიმი–კონგოს ჰემორაგიული ცხელების ენდემიურ რეგიონებში)

    დაავადება გამოირჩევა მძიმე მიმდინარეობით, ხშირია ლეტალური გამოსავალიც.
    აუცილებელია პაციენტის სტაციონარული მკურნალობა და ექიმების მიერ მუდმივი მეთვალყურეობა.