• 14 06 2018
    • 3498 ნახვა
    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ენდოსკოპიის კაბინეტი ამოქმედდა

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ენდოსკოპიის კაბინეტი ამოქმედდა

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ენდოსკოპიის კაბინეტი ახლახან გაიხსნა. ის აღჭურვილია ბოლო თაობის აპარატურით და თითოეული პროცედურის ხანგრძლივობა მინიმუმამდეა დაყვანილი. კაბინეტს ქირურგი–ენდოსკოპისტი ირაკლი მიშიძე ხელმძღვანელობს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ მან უკრაინაში, ოდესის ნაციონალურ სამედიცინო უნივერსიტეტში, ზოგად ქირურგიასა და ენდოსკოპიაში გაიარა ორდინატურა, ხოლო საქართველოში დაბრუნებულმა საქმიანობა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში განაგრძო. სწორედ ირაკლი მიშიძე მოგვაწვდის ინფორმაციას პროცედურის შესახებ და გავიგებთ, რა უპირატესობა აქვს ენდოსკოპიას აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში.

    ჩივილები მომართვის დროს

    – საყურადღებოა, თუ პაციენტს დიდხანს აწუხებს შემდეგი სიმპტომები: გულძმარვა, ბოყინი, ტკივილი და დისკომფორტი ეპიგასტრიუმის არეში (კუჭის პროექციაზე), კუჭის ტკივილი უზმოზე, ღამის ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება ჭამის შემდეგ. ასეთ დროს მიზანშეწონილია ენდოსკოპიური  გამოკვლევა. რაც შეეხება შავი ფერის განავალს და პირნაღებ მასებში სისხლის მინარევს, ეს პირდაპირი ჩვენებაა აღნიშნული პროცედურის ჩასატარებლად.

    ასევე საყურადღებოა ჰეპატიტის დიაგნოზიც. ამ დაავადების დროს, სისხლდენის პრევენციის მიზნით, ხაზგასმით არის რეკომენდებული ყოველწლიური ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა, ვინაიდან შესაძლოა, საყლაპავის ვენები ძირითადი დაავადების გამო იყოს შეცვლილი და გადიდებული.

    მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ იმატა კლინიკაში ქრონიკული ჰეპატიტის მქონე პაციენტების ამბულატორიულმა მომართვიანობამ, ვინაიდან მკურნალობის შემდეგ საჭიროა მდგომარეობის დინამიკის კონტროლი. ზოგადად, პაციენტები  უმეტესად 40 წლიდან მოგვმართავენ. კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები ყველაზე ხშირად სწორედ ამ ასაკში იჩენს თავს. ხშირად მოგვმართავენ მამაკაცები, რაც მათი ცხოვრების წესით აიხსნება. გაზაფხულია და იმატა ქრონიკული დაავადებების სეზონური გამწვავების გამო მოსული პაციენტების რიცხვმაც.

    პროცედურის ხანგრძლივობა

    – კლინიკაში არსებული უახლესი მოდელის აპარატურა დიაგნოსტიკას და მანიპულაციისთვის საიჭირო დროს მაქსიმალურად ამცირებს. მისი დრეკადობის დამსახურებით ენდოსკოპის მართვა მეტად გამარტივებულია და კვლევის ხანგრძლივობა 5 წუთს არ აღემატება. –

    ენდოსკოპიის აპარატის უპირატესობები ბოჭორიშვილის კლინიკაში

    ჩვენს კლინიკაში არსებული აპარატით შესაძლებელია ფოტოზე პათოლოგიური კერის ასახვა, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს, სრულფასოვნად აღიქვას დიაგნოზი. გართულებულ შემთხვევებში, ზედა გასტროდუოდენალური სისხლდენის დროს, პაციენტს ვუწევთ შესაბამის დახმარებას საყლაპავის ვენების ლირიგების, კლიპირების, ინექციური ინფილტრაციის ან კოაგულაციის სახით. გარდა ამისა, ბოჭორიშვილის კლინიკაში შესაძლებელია ბიოფსიური მასალის აღება, პოლიპის მოკვეთა, უცხო სხეულის ამოღება როგორც კუჭიდან, ისე ბრონქებიდანაც (ზრდასრულ ასაკში).
    მინდა ხაზი გავუსვა, რომ აპარატურის დასამუშავებლად ვიყენებთ სპეციალურ სარეცხ და სადეზინფექციო მოწყობილობას, რაც ინფექციის გავრცელებას პრაქტიკულად გამორიცხავს.

    პაციენტის მოთხოვნისამებრ, შეიძლება, აღნიშნული პროცედურები ჩატარდეს როგორც ადგილობრივი, ისე ინტრავენური ანესთეზიით.

    მანიპულაციის შემდგომი პერიოდი

    – გეგმური გასტროსკოპიის (ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის) ადგილობრივი ანესთეზიით ჩატარებისას ყელისა და გულმკერდის არეში რჩება უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც რამდენიმე საათში თავისთავად გაივლის. ინტრავენური ანესტეზიის შემთხვევაში, პროცედურის შემდგომ საავადმყოფოში დარჩენის საჭიროება არ არსებობს. პაციენტი რამდენიმე საათში ტოვებს კლინიკას და ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდება.