• 14 11 2018
    • 3113 ნახვა
    დიაბეტის მსოფლიო დღე

    დიაბეტის მსოფლიო დღე

    დიაბეტის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 14 ნოემბერს აღინიშნება, იგი დიაბეტის ადვოკატირებასა და დაავადებაზე ინფორმირებულობის ზრდას ეძღვნება.

    დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო ლურჯი რგოლია – გლობალური სიმბოლო, რომელიც დიაბეტზე ინფორმირებულობის გაზრდის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა. ლოგო მიღებულ იქნა 2007 წელს გაერთიანებული ერების რეზოლუციით დიაბეტის მსოფლიო დღის აღიარების შემდეგ. ლურჯი რგოლის, როგორც სიმბოლოს მნიშვნელობა, უაღრესად პოზიტიურია – იგი სიმბოლიზდება სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან. ლურჯი ფერი განასახიერებს ცას, რომელიც სხვადასხვა ერებს აერთიანებს და, ამასთან, გაერთიანებული ერების დროშის ფერია. დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო გამოხატავს დიაბეტის საზოგადოებრიობის ერთიანობას დაავადების პანდემიის წინააღმდეგ.

    დიაბეტის მსოფლიო დღე 1991 წელს დაარსდა დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაავადებასთან დაკავშირებულ მზარდ საფრთხეებზე რეაგირების მიზნით. აღსანიშნავია, რომ 14 ნოემბერი ფრედერიკ ბანტინგის დაბადების დღეა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ინსულინის აღმოჩენას ჩარლზ ბესტთან ერთად.

    დიაბეტისათვის დამახასიათებელი ჩივილებია:

    გაძლიერებული შარდვა;
    წყურვილის გაძლიერებული გრძნობა;
    წონის კარგვა;
    დაღლილობა;
    კონცენტრაციის დაქვეითება;
    ფეხებისა და ხელების დაბუჟება და ჩხვლეტა;
    მხედველობის დაქვეითება;
    ხშირი ინფექციები;
    ჭრილობების გვიანი შეხორცება;
    პირღებინება და მუცლის არეში ტკივილი (ხშირად გრიპის მცდარი კლინიკა)

    თუკი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ვითარდება სწრაფად და უეცრად, დიაბეტი ტიპი 2 ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქად გამოხატული სიმპტომებით და ამიტომ, ხშირად რთულია მისი დიაგნოსტირება.