• 11 08 2017
    • 5281 ნახვა
    სალმონელოზი

    სალმონელოზი

    სალმონელოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, მას ახასიათებს მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინებები, როგორც უსიმპტომო ასევე მძიმე სეპტიკური ფორმებით. შემთხვევათა უმრავლესობაში სალმონელოზი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაზიანებით მიმდინარეობს, შესაძლებელია შევხვდეთ მის გენერალიზებულ ფორმებსაც.

    დაავადების გამომწვებია სალმონელების დიდი ჯგუფი, რომელშიც 2000-მდე სეროტიპი შედის, ისინი წარმოადგენენ გრამუარყოფით ჩხირებს, არიან მოძრავნი და მარტივად იკიდებენ ფეხს ყველა სახის ნიადაგზე, ხანგრძლივად ძლებენ გარემოში, პროდუქტებში, ასევე აქვთ გამრავლების უნარი, არ იწვევენ გარეგნულ და გემოს ცვლილებებს.
    კვებითი გზით ინფიცირების შემთხვევაში სალმონელოზის საინკუბაციო პერიოდი 1- 3 დღემდეა კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით გავრცელების შემთხვევაში კი 3-8 დღე.

    ინფექციის წყაროს წარმოადგენენ როგორც დაავადებული ცხოველები ასევე ადამიანებიც. აღსანიშნავია, რომ დაავადება მსხვილფეხა და შინაურ ცხოველებში, მღრღნელებსა და ფრინველებში გვხვდება უსიმპტომო ფორმით.
    ამ დროს ცხოველები სავსებით ჯანმრთელად გამოიყურებიან, მაგრამ რძესთან, ნერწყვთან, შარდსა და განავალთან ერთად გარემოში უხვად გამოყოფენ ინფექციას.
    ადამიანების შემთხვევაში ინფექცია ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა.
    სალმონელოზით ინფიცირების ძირითადი გზა იმ საკვებს უკავშირდება, რომლის თერმულად დამუშავებაც არ ხდება უშუალოდ ჭამის წინ.
    ინფექცია ასევე ვრცელდება წყალთან შეხებითაც.

    დაავადების თავიდან ასაცილებლად ხშირად დაიბანეთ ხელები, მოერიდეთ ქუჩაში ნაყიდ და საეჭვო პირობებში დამზადებულ საკვებს, ნახევარფაბრიკატები და მზა საკვები აუცილებლად შეინახეთ საყინულესა და მაცივარში, ცალ-ცალკე მოათავსეთ უმი და უკვე მომზადებული პროდუქტები, მოერიდეთ აუდუღარ რძეს და ასეთი რძისგან მომზადებულ პროდუქტებს, კრემით დამზადებული ტკბილეული შეინახეთ არაუმეტეს 8 გრადუს ტემპერატურაზე, გამდინარე წყალში გარეცხეთ ბოსტნეული და ხილი, შინაური ფრინველების და ცხოველების მოვლის დროს ეცადეთ გამოიყენოთ სპეციალური ტანსაცმელი.

    სალმონელოზით დაავადების უმრავლეს შემთხვევაში ხდება პაციენტის გამოჯანმრთელება. ხოლო ცალკეულ ავადმყოფებთან ფორმირდება ქრონიკული ბაქტერიომტარებლობა.