• 06 02 2018
    • 5821 ნახვა
    წითელა

    წითელა

    წითელა მწვავე გამონაყრით და სასუნთქი სისტემის დაზიანებით მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მაღალი გადამდებლობა ახასიათებს. დაავადებას იწვევს წითელას ვირუსი, ინფექციის წყაროა მხოლოდ წითელათი დაავადებული ადამიანი.
    დაავადება მესამე პირით და საგნებით არ გადადის.

    დაავადების ინკუბაციური პერიოდი (ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან დაავადების გამოვლენამდე) საშულოდ ორი კვირაა. დაავადება იწყება 2-4 დღიანი პროდრომით (დაავადების დაწყებიდან – გამოყრამდე პერიოდი). პაციენტს აღენიშნება ხველა, ცემინება, კონიუქტივიტი ცრემლდენით, გამონადენი ცხვირიდან, ტემპერატურის მატება.
    ამ დროს ეჭვი ძირითადად გრიპზე და მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე დაავადებებზეა, თუმცა ამ პერიოდში პათოგნომური ნიშანია კოპლიკის ლაქა (1-2 მმ, მოლურჯო მოთეთრო ლაქა წითელი არშით, ლოყის ლორწოვან გარსზე, ქვედა მოლარების დონეზე). ამის შემდეგ პაციენტს ეწყება ლაქოვან პაპულოზური გამონაყარი, პირველ დღეს ყურების უკან, ცხვირის ზურგზე და შემდეგ ვრცელდება ტანსა და კიდურებზე.
    ამავე თანმიმდევრობით ხდება ელემენტების ჯერ გაყავისფრება და შემდეგ ალაგება.

    პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე საჭიროა პაციენტისთვის მაქსიმაური კომფორტის შექმნა, სიცხის დამწევი და სხვა სიმპტომური საშუალებების გამოყენება. A ვიტამინის მიღება.
    საყურადღებო და გასათვალისწინებელია, რომ ბავშვისთვის ასპინირის მიღება რეკომენდებული არ არის.

    ცხელება გრძელდება საშუალოდ 4-5 დღე. უფრო ხანგრძლივი დროით ან მწვავე პერიოდის შემდეგ ნორმალიზება და ახალი ტემპერატურული პიკის გაჩენა, მიუთითებს დაავადების გართულებაზე.
    წითელას ვირუსი ასევე აზიანებს კუჭნაწლავის ტრაქტს, რის შედეგდაც პაციენტს აღენიშნება დიარეა.
    ყველაზე ხშირი გართულება წითელას დროს არის პნევმონია, მენინგიტი და მენინგოენცეფალიტი.
    ყველა საეჭვო შემთხვევაში პაციენტი საჭიროებს შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაციას, რომლის გადაწყვეტილებით შესაძლოა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.
    წითელა ექვემდებარება პრევენციას იმუნიზაციით, რომელიც ტარდება წითელას ცოცხალი ვირუსის შემცვლელი ფაქტორით.
    წითელას საწინააღმდეგო აცრა ტარდება გეგმიურად: პირველი დოზა კეთდება 12 თვის (MMR), ხოლო მეორე 5-6 წლის ასაკში.
    6 თვის ასაკიდან საერთაშორისო მოგზაურებმა სამიზნე ქვეყნის მიუხედავად გამგზავრებამდე უნდა მიიღონ წითელას ვაქცინის ორი დოზა შესაბამისი ინტერვალით.

    პირველი დოზის შემდეგ დაცულია აცრილთა 95 %, ხოლო მეორე დოზის შემდეგ – 99 %.
    მეორეული პრევენცია გულისხმობს კონტროლის საშუალებებს, რომელშიც იგულისხმება პაციენტის იზოლირება სხვა ჯანმრთელი პირებისგან.