• 27 07 2018
    • 2239 ნახვა
    ნაწლავური ინფექციების რეკორდული მაჩვენებელი! რეკომენდაციები საფრთხის თავიდან ასაცილებლად

    ნაწლავური ინფექციების რეკორდული მაჩვენებელი! რეკომენდაციები საფრთხის თავიდან ასაცილებლად

    ზაფხულში როგორც წესი განსაკუთრებით იმატებს კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, თუმცა წელს ნაწლავური ინფექციების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება.

    თუ თქვენ გაწუხებთ მუცლის არეში მოვლითი ხასიათის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუნთების და თავის ტკივილი, მადის დაკარგვა და ტემპერატურის მატება, დიდი ალბათობით თქვენ სწორედ ნაწლავური ინფექცია გაქვთ.

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის, ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი – მაია გიგაურის განცხადებით, კლინიკას დღე/ღამის მანძილზე ათობით ადამიანი აკითხავს.
    მაია გიგაური: წელს განსაკუთრებით იმატა კუჭ-ნაწლავის დაავადებებმა, რომელიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და პაციენტი საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას. კლინიკაში ფიქსირდება პაციენტების რეკორდული მაჩვენებელი, მოგვმართავენ როგორც დედაქალაქის მაცხოვრებლები, ასევე პაციენტები რეგიონებიდან. დაავადების მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში საკვებისმიერი ინტოქსიკაციაა. როგორც მოგეხსენებათ, ცხელ დღეებთან ერთად იმატებს ბაქტერიების აქტივობაც, ამიტომ აუცილებელია საკვების მომზადება მოხდეს ყველა წესის დაცვით, ასევე მეტად მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენა და ხელების ხშირი დაბანა.

    განსაკუთრებით ხშირად დაბანეთ ხელი პატარებს, ვინაიდან დღის მანძილზე უამრავ ნივთს ეხებიან და მარტივად შეიძლება მოხდეს ინფექციის ორგანიზმში შეღწევა, ასევე აღსანიშნავია რომ ბავშვებში დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

    ✓ აუცილებლად დაიბანეთ ხელები საკვების მომზადებამდე და მასთან შეხებამდე;
    ✓ გამდინარე წყალში მინიმუმ 5 წუთის მანძილზე გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული;
    ✓ პროდუქტების შეძენამდე გაეცანით მათ შენახვის ვადას და პირობებს (გახსოვდეთ რომ თითოეული პროდუქტი სპეციალურ ტემპერატურაზე შენახვას საჭიროებს);
    ✓ გააცალკევეთ უმი და მზა საკვები ერთმანეთისგან. გახსოვდეთ, რომ მათი ერთ „კონტეინერში“ შენახვა დაუშვებელია;
    ✓ ნახევარფაბრიკატების შეძენისას აუცილებლად გაეცანით გამოშვების თარიღს, შენახვის პირობებს და თუ ვის მიერ არის პროდუქტი დამზადებული;
    ✓ შესაბამისი საშუალებებით დაამუშავეთ სამზარეულოს მაგიდა და ადგილი სადაც ამზადებთ კერძებს;
    ✓ გამოიყენეთ სხვადასხვა დაფა უმი ხორცის და სხვა საკვების დამუშავების დროს;
    ✓ ხშირად შეცვალეთ ჭურჭლის ღრუბელი, რადგან მიკრობების წყაროს წარმოადგენს;
    ✓ ყურადღება მიაქციეთ თეთრეულის, ტანსაცმლის დასუფთავებას და პირად ჰიგიენას;
    ✓ მოგზაურობისას დალიეთ ბოთლის წყალი და რეკომენდაციისამებრ ჩაიტარეთ შესაბამისი ვაქცინაციები.

    პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე თავი შეიკავეთ ოჯახის წევრებისთვის საკვების მომზადებისგან, რათა არ გახდეთ ინფექციის გამავრცელებელი. აუცილებლად გამოიყენეთ ინდივიდუალური ჭურჭელი, რათა თავიდან აიცილოთ გარშემო მყოფების დაინფიცირებაც.
    სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათის მანძილზე მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, ვინაიდან თქვენმა სხეულმა არ განიცადოს გაუწყლოება.
    აუცილებლად დაიცავით ექიმის დანიშნულება და დაიმახსოვრეთ, რომ თვითმკურნალობა დაუშვებელია.