• 06 04 2022
    • 699 ნახვა
    სეზონური ალერგიები

    სეზონური ალერგიები

    გაზაფხულის დადგომასთან ერთად თავს იჩენს ალერგიული ფონის მომატება, რატომ მაინცდამაინც ამ სეზონზე და როგორ უნდა გავუმკლავდეთ არასასურველ დისკომფორტს, რომელიც ხშირად სერიოზულ პრობლემადაც იქცევა ხოლმე.
    სეზონური ალერგიის სირთულეებსა და მართვაზე, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრის ალერგოლოგი ხათუნა კარტოზია გვესაუბრება

    ალერგია არის ორგანიზმის მოჭარბებული მგრძნობელობა ამა თუ იმ ფაქტორის მიმართ. ის სხავადასხვანაირად ვლინდება და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ რეაგირებს უცხო აგენტზე ადამიანის კანი და ლორწოვანი ალერგენთან კონტაქტის შემდეგ.
    გაზაფხულის სეზონის დაწყება დაკავშირებულია მცენარეების ყვავილობასთან, შესაბამისად მომატებულია მგრძნობელობა მცენარეების მტვრის მიმართ, მას პოლინოზი ეწოდება.
    მცენარეების მტვერი თვალით უხილავი, უმცირესი მარცვლებია, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით ალერგენულ ცილას, რომელთაც ალერგიის გამოწვევა შეუძლიათ. მტვრის გავრცელებას ხელს უწყობს ქარი და გადააქვთ მწერებს.
    პოლინოზით იტანჯება მილიონობით ადამიანი. ის ვლინდება შემაწუხებელი სიმპტომებით და ცვლის ადამიანის ცხოვრების ხარისხს. ალერგიულ ადამიანებში ალერგიის გამოვლინება იწყება მაშინ, როცა ჰაერში მტვრის მარცვლების კონცენტრაცია მიაღწევს იმ დონეს, რომელსაც იმუნური სისტემის აქტივაცია შეუძლია და იძლევა იმუნურ პასუხს.
    გამოვლინება – მცენარის მტვრის მიმართ ალერგია მეტწილად რინოკონიუქტივიტის სახით ვლინდება. ახასიათებს სურდო (სეზონური ალერგიული რინიტი), ცემინება, ცხვირის გაჭედვა, თვალების ქავილი, ცრემლდენა, შეიძლება დაერთოს ყელის და ხახის ქავილი, ხველა, ზოგჯერ ასთმური სინდრომით ვლინდება და სულხუთვით მიმდინარეობს. ასეთი სიმპტომების გამოვლენითანავე ადამიანმა უნდა მიმართოს ექიმს და არ უნდა იფიქროს, რომ მას აქვს ბანალური რესპირატორული ინფექცია.
    დიაგნოსტიკა – პოლინოზის დიაგნოსტირება ადვილია. იმის მიხედვით, თუ რაც უჩივის პაციენტი და წელიწადის რომელ დროს აღმოცენდება ეს სიმპტომები, ექიმი-ალერგოლოგი ატარებს სპეციფიკურ ალერგოდიაგნოსტიკას კანის და სისხლის ტესტირების გზით, რისი მეშვეობითაც დიდი სიზუსტით დგინდება, რომელი მცენარის მტვერზე და როგორი ინტენსივნობის ალერგია აქვს პაციენტს.
    პროფილაქტიკა და მკურნალობა პოლონოზის შემთხვევაში ალერგიის თავიდან აცილების მიზნით სასურველია ალერგენებისგან თავის დაცვა: მოერიდოს ქარიან ამინდში გარეთ გასვლას როცა მტვრის კონცენტრაცია პიკს აღწევს. ან დაიცვას თავი პირბადით, სათვალით, ქუდით, მანქანით მგზავრობისას დახუროს მინები, ოთახი გაანიავოს ადრე დილით ან გვიან საღამოს, როცა მტვერი ნაკლებად აქტიურია.
    პოლინოზს ანტიჰისტამინური და ანტიალერგიული მედიკამენტებით მკურნალობენ, ზოგი მათგანი გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით.
    მცენარეული ალერგიისგან და არ მარტო (საყოფაცხოვრებო მტვრის, ცხოველის ბეწვის, საკვები და სხვა ალერგენების) განკურნების გზაა სპეციფიკური იმუნოთერაპია-ჰიპოსენსიბილიზაცია, ორგანიზმში შეჰყავთ „დამნაშავე“ ალერგენის მზარდი დოზა (კანქვეშ ან პერორალურად) ნელ-ნელა ეჩვევა და ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობა მცირდება.