• 16 06 2020
    • 1018 ნახვა
    ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგიური დაავადებები

    ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგიური დაავადებები

    ახალი  ტექნოლოგიების  განვითარების  და  სამეცნიერო  მიღწევების პირობებში  , კვლავ  აქტუალურ  პრობლემად  რჩება ბავშვთა  კარდიო-რევმატოლოგიური  დაავადებები და  შედეგად  გამოწვეული  გართულებები . ამ  თემებზე აკადემიკოს  ვახტანგ  ბოჭორიშვილის  სამედიცინო  ცენტრის კარდიო-რევმატოლოგი , მედიცინის  დოქტორი,საქართველოს ბავშვთა კარდიოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი , ჟურნალ“ბავშვთა კარდიოლოგიის“მთავარი რედაქტორის მოადგილე   ქალბატონი         ნინო   ჯობავა გვესაუბრება.

    _ქ. ნ . ნინო ,რა ფაქტორები  განაპირობებს  მომართვიანობას   ბავშვთა  კარდიო-რევმატოლოგთან  და   რა  სიმპტომებს  უნდა  მიაქციონ  ყურადღება  როგორც  მშობელმა , ასევე პედიატრმა?

    -ადვილად  დაღლა , საერთო  სისუსტე , ჰაერის  უკმარისობის  შეგრძნება , ტაქიკარდია ,არითმია , შუილები , ყველა  სახის  ართრალგია, არტერიული  ჰიპერ  და  ჰიპოტენზია  ,სინკოპეს  ეპიზოდები  ,მაღალი  ანტისტრეპტოლიზინი , ანგინებით ,ბრონქიტებით , ვირუსული  ინფექციებით  ხშირად  ავადობა , დადასტურებული  სარქვლოვანი  ნაკლოვანებები  ,სტენოზე ბი , პროლაფსები , თანდაყოლილ  მანკებზე ნაოპერაციებ   ბავშვთა  კონტიგენტი , ფიზიკური  დატვირთვა (სპორტი , ქორეოგრაფია) , დატვირთული  ოჯახური  ანამნეზი  – ის  მიზეზები  და  სიმპტომებია , რომელიც  ბავშვთა  კარდიო-რევმატოლოგთან  ვიზიტის  მიზეზი  ხდება .

    -პრევენციული  გასინჯვის  დაწყება  რომელი  ასაკიდან  არის  სასურველი?

    პრევენცია  იწყება  პერინატალური  პერიოდიდან ,თუმცა  ბავშვის  განვითარების  ყველა  დანარჩენ  ეტაპს  (ჩვილობის , სკოლამდელი  , სასკოლო , პრეპუბერტატული , პუბერტატული )  პრევენციული  ღონისძიებების   თავისი  სპეციფიურობა  ახასიათებს  . ნაყოფის  გულ-სისხლძარღვთა   სისტემის   მდგომარეობის  შეფასება დედის  ორსულობის  18-19 კვირიდან , სამეანო-გინეკოლოგიური  ულტრაბგერითი კვლევით   იწყება .თანდაყოლილ  მანკზე  ეჭვის  შემთხვევაში  , განმეორებითი  ექოსკოპიური   კვლევა  ორსულს   , კარდიოქირურგიის  ცენტრში  უნდა  ჩაუტარდეს . მანკზე  თუნდაც  დადასტურებული  ეჭვის  შემთხვევაში ,მინდა  ვისარგებლო  შემთხვევით  და  ვურჩიო  ექიმებს   და  თავად  ორსულებს  , რომ  თავი  შეიკავონ  აბორტისაგან . მანკი  განაჩენი  არ  არის  და  ექვემდებარება   ქირურგიულ  კორექციას  და  მეორე  – მკვლევარი  შეცდომისგან  დაზღვეული  არ  გახლავთ .გულის  თანდაყოლილი  მანკის  განვითარებას  მრავალი  მიზეზი  აქვს . მნიშვნელოვანი  ფაქტორია  გენეტიკური  მუტაციები ,რომელიც  უმთავრესად  სამი  ტიპის  მიზეზით  არის  გამოწვეული  : ფიზიკური  მუტაგენებით , ქიმიური  მუტაგენებით  და  ბიოლოგიური  მუტაგენებით .ამ  უკანასკნელიდან    გამოვყოფდი  წითურას  ვირუსს , რომელიც  ცნობილ  ტრიადას  – გულის  თანდაყოლილ  მანკს , კატარაქტას  და სიყრუეს  იწვევს .  გულის  თანდაყოლილი  მანკის  განვითარების  თვალსაზრისით  , ყველაზე  საყურადღებოა   ორსულობის  6-8  კვირის  პერიოდი .

    -პედიატრები  ხშირად  სვამენ  დიაგნოზს  „გულის  შუილები“ , რამდენად  არის  ყოველივე  ეს  შეშფოთების  მიზეზი?

    –  დიახ  , შუილი    დიაგნოსტირების  მიზეზია . კარდიალური  შუილი  შეიძლება  იყოს როგორც  არაორგანული (ფუნქციური ) , ასევე  ორგანული (სისტოლური ,დიასტოლური ,სისტოლურ- დიასტოლური) . ფუნქციური  ხასიათის შუილები  გვხვდება  ანემიების ,თირეოტოქსიკოზის , ცხელებითი  მდგომარეობების  დროს . ყველა  კეთილსაიმედო  შუილი  არის  არამუდმივი  ,მოკლე , რბილი , ნაზი , არ  ტარდება  შორს , იცვლება    სუნთქვითი  მოძრაობების   და  მდებარეობის  შეცვლისას ,   არ  ახლავს    ჰიპერტროფია  და  დილატაცია . ობიექტური  გასინჯვის  დროს , შუილების  აღმოჩენის  შემთხვევაში , საწყისი  ეტაპისათვის  ვნიშნავთ  არაინვაზიურ , სკრინინგისათვის  ყველაზე  ხელმისაწვდომ , კვლევის  ძველ  და  მუდამ  უახლეს  მეთოდს – ელექტროკარდიოგრაფიას , რათა  გამოირიცხოს  მარჯვენა  და  მარცხენა წინაგულებისა  და  პარკუჭების  ჰიპერტროფიის  ნიშნები . საჭიროების  შემთხვევაში  ერთვება  მეორე  ინსტრუმენტული  კვლევა – ექოკარდიოსკოპია .

    -გულ-სისხლძარღვთა სისტემის  მდგომარეობის  შესაფასებლად რომელი  დიაგნოსტიკური  კვლევები  უტარდებათ  პატარა  პაციენტებს  და როგორ  სერვისს  სთავაზობს  ვახტანგ  ბოჭორიშვილის  კლინიკა  და  სამედიცინო  ცენტრი  მათ?

    -ბავშვებს (0-18  წლამდე  ) რომლებიც  საჭიროებენ  გამოკვლევას , ჩვენების  მიხედვით   უტარდებათ  : ელექტროკარდიოგრაფია , ექოკარდიოსკოპია , ეკგ და წნევის  მონიტორინგი  ჰოლტერის  მეთოდით ,ფუნქციური  დატვირთვის  ტესტი  ტრედმილით  და  ლაბორატორიული  კვლევები . ყოველივე  ზემოთჩამოთვლილი ტარდება   მაღალი  კვალიფიკაციის  ექიმებისა  და კვლევის  ულტრათანამედროვე  აპარატურის  საშუალებით .

    -გულ-სისხლძარღვთა  სისტემის  რომელი  პათოლოგიები  გვხვდება უფრო  ხშირად   ბავშვთა  ასაკში?

    -ამ  პათოლოგიათა  დიფერენცირება  შეესაბამება  ასაკობრივ  ჯგუფებს . 0-1 ასაკობრივი  პერიოდისათვის  ყველაზე  ხშირად დიაგნოსტირებადი  პათოლოგიაა  გულის  თანდაყოლილი  მანკები ,სკოლამდელ  და  პრეპუბერტატურ ასაკობრივ  ჯგუფებში  ხშირია  რევმატიული  და გულ-სისხლძარღვთა  სისტემის   შეძენილი ანთებითი და   არაანთებითი დაავადებები ,ხოლო  პუბერტატული  პერიოდისათვის კი  დამახასიათებელია  არითმია , არტერიული  წნევის  მერყეობა , სინკოპეს  ეპიზოდები , ადვილად  აგზნებადობა , ემოციური  სფეროს  ლაბილობა , ე.წ. ვეგეტოდისტონიური  გამოვლინებები .

    -რას  გვეტყოდით  სპორტულ  სექციებში  ბავშვთა  უეცარი  სიკვდილობის  შემთხვევებზე?

    -ფიზიკურად  დატვირთულ  პირთა (სპორტსმენები, მოცეკვავეები) უეცარი  სიკვდილობის  შემთხვევების  არსებობა , ხაზს  უსვამს ამ  კონტიგენტის  ბავშვებში კარდიოლოგის  კონსულტაციის  აუცილებლობას  და  დატვირთვის  ინდივიდუალური გრაფიკის  შემუშავებას    მოსალოდნელი  რისკების  შეფასებით . რისკის  ხარისხსს  განსაზღვრავს  გულსისხლძარღვთა   დაავადებების  სპეციფიკა  და  მისი   რეაქცია მომატებული  ფიზიკური  დატვირთვის  საპასუხოდ. როდესაც  ფიზიკურად   დატვირთულ  პირში , გამოხატულია  ელექტროკარდიოგრაფიული მაჩვენებლების  და  პარამეტრების  ცვალებადობის  არასტაბილურობა ,მაშინ მას   ეძლევა  რეკომენდაცია სამკურნალო  ფიზკულტურაზე  გადასვლის  შესახებ , დინამიური  ვარჯიშები  იცვლება  სტატიკურით ,  ეძლევათ  შესაბამისი  მკურნალობა  ,რაც  შემდგომში , ბავშვის  პირვანდელი  დატვირთვის  შესაძლებლობასაც  იძლევა  .

    -თუ  შეიძლება  გვესაუბრეთ  გულ-სისხლძარღვთა  დაავადებების  პროფილაქტიკაზე

    – ათეული  წლების  წინ  პედიატრიულ  კარდიო  -რევმატოლოგიაში  ფიგურირებდა  მხოლოდ  რევმატიზმისა  და  გულის  თანდაყოლილი  მანკების  დიაგნოზები , დღეისათვის  ,კლინიცისტი  პედიატრებისათვის  უცხო  აღარ  არის  ტერმინები :კარდიომიოპათია , ჰიპერტონული  დაავადება , კორონარული  უკმარისობა , მიოკარდიუმის  ინფარქტი , ათეროსკლეროზისა  და  გულის  იშემიური  დაავადებების  რისკის ჯგუფები. ეჭვს  აღარ  იწვევს  ის  ფაქტი ,რომ  ათეროსკლეროზისა  და  გულის  იშემიური  დაავადებების  წინამძღვრები  ბავშვთა  ასაკს  ეკუთვნის , მხოლოდ  ნაადრევ  ეტაპზე  დაწყებულ , რაციონალურად  ორგანიზებულ, ინდივიდუალურად  შერჩეულ   პროფილაქტიკურ  ღონისძიებებს  შეუძლია  ათეროსკლეროზისა  და  გულის  იშემიური  დაავადებების  შორეულ  ასაკობრივ  ჯგუფებში  გადაწევა .

    – ბოლო  დროს  ვრცელდება  ინფორმაცია  ,რომ კოვიდინფიცირებულ  ბავშვებს კავასაკის  სინდრომი  უვითარდებათ .რა  არის  კავასაკის  სინდრომი , რამდენად  საშიშია  ის  და  როგორ  კავშირში  განიხილება COVID 19  ინფექციასთან?

    კავასაკის  სინდრომი  არის  წვრილი  და  საშუალო  კალიბრის  არტერიების  ანთებითი, უპირატესად  იმუნოკომპლექსური  დაზიანება , რომელსაც  იწვევს  ინფექციური  აგენტი  , გენეტიკურად  წინასწარგანწყობილ  ბავშვებში . კავასაკის    სინდრომი  გამოვლინდება   ცხელებით , ლორწოვანი  გარსებისა    (მშრალი  კონუნქტივიტი , ჟოლოსებრი  ენა )  და კანის  (გამონაყარი  ტანზე , ხელის  და  ფეხის  გულებზე ) საფარველის  ცვლილებით , ლიმფური  ჯირკვლების  გადიდებით , ართრიტით  , ართრალგიით , ღებინებით , დიარეით, ზედა  სასუნთქი  გზების  კატარალური  მოვლენებით , გულის  მკვებავი (კორონარული)   და  სხვა   არტერიების  დაზიანებით და  ამ  დაზიანების  ფონზე   ანევრიზმების  და  თრომბოზების  განვითარებით .გიგანტური  ანევრიზმების  ჩამოყალიბებას    აქვს  გულის  ტამპონადის , თრომბოზის   და ინფარქტის  განვითარების  რისკი  .თავის  ტვინის  სისხლძარღვთა  დაზიანების  შემთხვევაში  კი  ინსულტების  რისკი .

    კავასაკის  დაავადება  არის  მხოლოდ  ბავშვთა  ასაკის  დაავადება ,ეპიდემიოლოგიური  და  კლინიკური  გამოვლინებების  მიხედვით შეიძლება  ვისაუბროთ მის  ინფექციურ  ბუნებაზე  (არ  გამოირიცხება  კოვიდინფექცია)  და  ინფექციის  საპასუხოდ  ატიპიურ  იმუნურ  პასუხზე , გენეტიკურად  წინასწარგანწყობილ  ბავშვებში .   ადამიანიდან     ადამიანზე  დაავადების  გადაცემა  არ  არის  დარეგისტრირებული. შემთხვევათა  უმეტესობა  ფიქსირდება  ზამთარი – ადრეული  გაზაფხულის  პერიოდში . პროფილაქტიკა  უცნობია . გულ-სისხლძარღვთა  სისტემაზე  ცვლილებები იწყება   ქვემწვავე  ფაზაში  ,როდესაც  გამონაყარი , სიცხე  და  სხვა  კლინიკური  გამოვლინებები  იკლებს  .  ელექტროკარდიოგრაფიისა  და   ექოკარდიოსკოპიის  დინამიკაში  დაკვირვების  , მკურნალობის  დროულად  და  სწორად   წარმართვის  შემთხვევაში  , დაავადება გართულებების  გარეშე  ჩაივლის   და   პაციენტი  საბოლოოდ  გამოჯანმრთელდება .

ბოლო აქციები