• 03 08 2017
    • 5812 ნახვა
    წითელი ქარი

    წითელი ქარი

    წითელი ქარი კანის ზედაპირული ბაქტერიული ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და კანის შემოსაზღვრული მონაკვეთის ანთებითი დაზიანება.

    ადრეულ ხანაში სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექცია პაციენტის სახეზე ლოკალიზდებოდა, ამჟამად კი უმთავრესად ქვედა კიდურებზე იჩენს თავს. 
    დაავადების განვითარების უმთავრესი ეტაპია კანის მთლიანობის დარღვევა, რის შედეგადაც მასში ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმი იჭრება. ინფექციური პროცესის განვითარებას ხელს უწყობს ადგილობრივი ფაქტორები – ვენური უკმარისობა, დაწყლულება, კანის ანთებითი დაავადება, სოკოვანი ინფექცია, მწერის ნაკბენი, ქირურგიული ინფექცია.
    დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, შიდსი, ნეფროზული სინდრომი და სხვა ისეთი მდგომარეობები, რომელთა დროსაც იმუნური სისტემაა დაზიანებული. წითელი ქარის უმნიშვნელოვანესი რისკფაქტორი მაინც ლიმფის მოძრაობის დარღვევა – ლიმფოსტაზია. ინფექცია სწრაფად ვრცელდება ლიმფური სადინარების მეშვეობით, რასაც შესაძლოა მიმდებარე ლიმფური კვანძების გადიდება მოჰყვეს.
    დაავადება ნებისმიერი ასაკში გვხვდება.

    წითელი ქარი იწყება ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენებით. სხეულის ტემპერატურა იმატებს 39-40 გრადუსამდე. აღინიშნება საერთო სისუსტე, შემცივნება, თავის ტკივილი.
    დაავადების დაწყებიდან 15-24 საათის შემდეგ წარმოიქმნება ადგილობრივი სიმპტომები, ტკივილი, წვა და დაჭიმულობის შეგრძნება კანის დაზიანებულ მიდამოებში, დემარკაციული, ჰემორაგიული უბნის სახით.
    უფრო მძიმე მიმდინარეობისას დაზიანებულ ადგილას ჩნდება ბუშტუკები, ბულები, კანქვეშა წვრილწერტილოვანი სისხლჩაქცევები და ნეკროზი. გამოჯანსაღების პროცესში ხშირია კანის აქერცვლა და პიგმენტაცია, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება გაქრეს.

    წითელი ქარის დროს აუცილებელია დროულად მივმართოთ ინფექციონისტს, ჩატარდეს სრულყოფილი მკურნალობა რათა თავიდან იქნას აცილებული რეციდივები.